Loading



ავტორების სია » აკაკი ბელიაშვილი


დაიბადა : 24.04.1903 წ
გარდაიცვალა : 14.02.1961 წ

აკაკი იონას ძე ბელიაშვილი (11 აპრილი/24 აპრილი, 1903, სოფ. ქორეთი, ახლანდელი საჩხერის რაიონი - 14 თებერვალი, 1961, თბილისი) ქართველი მწერალი. დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია. 1921 წლიდან სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. გიმნაზიაში სწავლის დროს ბელიაშვილი ხელნაწერ ჟურნალებში აქვეყნებდა პატარა მოთხრობებს, მინიატურებსა და პიესებს. 20-იან წლებში "ფუტურისტ-ლეფელების" ლიტერატურული დაჯგუფების აქტიური წევრი იყო. 30-იანი წლებიდან ხელი აიღო ფორმალისტურ ძიებებზე. თავის ნაწარმოებებში (მოთხრობათა კრებულები: 1933, 1935, 1937) ბელიაშვილი ქართველი ხალხის ყოფასა და შრომას წარმოსახავს; სატირულ-იუმორისტულ მოთხრობებში "მეზობლები" (1935), "უცნობი" (1936), "ქსენოფონტეს გასაჭირი" (1936),"იუსტინეს ხაფანგი" (1938), "მამონას ცდუნება" (1940) და სხვა, მწერალი ამხელს წარსულის გადმონაშთებს, დასცინის მავნე ჩვევებს, მომხვეჭელობასა და მეშჩანობას. ბელიაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია სამტომიანი ისტორიული რომანი "თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა" (1945-1948), რომლშიც გამოჩენილი პოეტის მხატვრულ ბიოგრაფიასთან ერთად წარმოდგენილია XVIII საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება. რომანში ასახულია რთული და ტრაგიკული სამყაროს ეპოქა, როცა მაჰმადიანური სამყაროს მოძალეობის გამო ერეკლე II იძულებული გახდა ერთმორწმუნე რუსეთის მფარველობა ეძია. რომანში "ოქროს ჩარდახი" (წიგნი I, 1952) კვლავ ბესიკის თავგადასავალია გადმოცემული, ოღონდ ახლა უკვე დასავლეთ საქართველოს ისტორიულ მოვლენათა ფონზე. დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის პატრიოტულ სულისკვეთებასა და ახალგაზრდობის აღზრდის პრობლემებს ეძღვნება რომანი "უღელტეხილი" (1956). რომანში "ვეფხია ხალიბაური" (ნაწ. 1-2, 1959-1960) ბელიაშვილი ასახავს ქართველ მეტალურგების შრომასა და ყოფას. ჩვენი თანამედროვეობა, ახალგაზრდობის შრომითი საქმიანობა დაედო საფუძვლად რომანს "შვიდკაცა" (1960), რომელიც დაუმთავრებელი დარჩა. ბელიაშვილი კინოდრამატურგიც იყო, მისი სცენარებით შეიქმნა ფილმები: "ცანის ხეობის საუნჯე" (1941), "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" (1954) და სხვა. მას ეკუთვნის პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიებიც.

ნაწარმოებები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations