Loading



ავტორების სია » გრიგოლ ხანძთელი


დაიბადა : 0759 წ
გარდაიცვალა : 0861 წ

გრიგოლ ხანძთელი (759-861), ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორი.

მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ვრცლად აღწერა გიორგი გიორგი მერჩულემ. გრიგოლ ხანძთელი დაიბადა ქართლში წარჩინებულ ოჯახში. აღიზარდა ქართლის ერისთავის ნერსეს კარზე (ნერსეს მეუღლის ძმისწული და შვილობილი იყო). თავისი დროისათვის ბრწყინვალე განათლება მიიღო. აღმზრდელთა და ქართლის დიდებულთა ნებით მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ, როცა მისი ეპისკოპოსად კურთხევა განიზრახეს, ფარულად მიატოვა ქართლი და VIII საუკუნის 80-იანი წლებიდან კლარჯეთში დაიწყო მოღვაწეობა. ჯერ ოპიზაში ცხოვრობდა, შემდეგ ხანძთაში დასახლდა და საერო ხელისუფალთა დახმარებით გააჩაღა ფართო სამონასტრო მშენებლობა, რომელშიც ჩააბა თანამოღვაწეთა დიდი დასი.


გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო-კლარჯეთში, იქ მან ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში - დედათა სავანეები. დასავლეთ საქართველოში დააარსა უბისის მონასტერი. გრიგოლ ხანძთელის წაბაძვით მისმა მოწაფეებმა იწყეს მონასტრების მშენებლობა იშხანში, ბარეთელთაში, წყაროსთავში, ნეძვში და სხვა. გრიგოლ ხანძთელი ცხოველ მონაწილეობას იღებდა კლარჯეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. IX საუკუნის 30-იან წლებში იგი კლარჯეთის მონასტერთა არქიმანდრიტად დაადგინეს. მისი ენერგიული ჩარევით გადააყენეს თბილისის ამირა საჰაკის აგენტი - ანჩის ეპისკოპოსი ცქირი.

გრიგოლ ხანძთელმა დიდი როლი შეასრულა IX საუკუნის 50-იან წლებში ჯავახეთში მოწვეულ საეკლესიო კრებაზე, რომელმაც არსენ I-ის კათოლიკოსად არჩევის კანონიერების საკითხი გაარჩია. მისი მხარდაჭერით არსენი დარჩა კათოლიკოსად.

გრიგოლ ხანძთელის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ხანძთა (აქედანაა მისი ზედწოდება) ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად იქცა. გრიგოლ ხანძთელი იყო მის მიერ დაარსებულ მონასტრებში გაჩაღებული მრავალმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის სულისჩამდგმელი. გიორგი მერჩულის ცნობით, მას საბაწმინდის მონასტრის წესის საფუძველზე თავისი ძმობის წევრთათვის შეუდგენია ქტიტორული ტიბიკონი და შეუთხზავს ჰიმნოგრაფიული კრებული "საწელიწდოჲ იადგარი" - ლიტურგიკული კრებული მთელი წლისა.

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations