Loading



ავტორების სია » შალვა დადიანი


დაიბადა : 09.05.1874 წ
გარდაიცვალა : 15.03.1959 წ

შალვა ნიკოლოზის ძე დადიანი (დ. 9 მაისი/21 მაისი, 1874, ზესტაფონი - გ. 15 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, თეატრის მოღვაწე; საქართველოს სახალხო არტისტი (1923). სკკპ-ის წევრი 1945 წლიდან. დაიბადა ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ დადიანის ოჯახში. სწავლა-განათლება მიიღო შინ მოწვეული მასწავლებლების ხელმძღვანელობით. უკვე ადრეული სიჭაბუკის წლებში გაიტაცა ეპოქის პროგრესულმა სოციალურ-პატრიოტულმა იდეებმა. ამ იდეებით არის განსჭვალული მისი ლექსების პირველი კრებული "ნაპერწკალი" (1892) და პროზაული მინიატურები (იბეჭდებოდა გაზეთ "ივერიაში" 1896-იდან). 1893 წლიდან დადიანმა მსახიობობა დაიწყო და შემდგომში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი გახდა ქუთაისის თეატრში. 1908 წელს ჩამოაყალიბა "მოძრავი დასი", რომელიც რევოლუციური შინაარსის სპექტაკლებს დგამდა საქართველოს სამრეწველო ცენტრებში, აგრეთვე ბაქოსა და ნოვოროსიისკში. მეფის ცენზურის აკრძალვის მიუხედავად, ამ დასმა პირველმა დადგა მაქსიმ გორკის პიესა "უკანასკნელნი".

1905 წლის რევოლუციას უკავშირდება დადიანის დრამატული შემოქმედების დასაწყისი. პიესა "მღვიმეში" (1905) ალეგორიული ფორმით ასახავს მშრომელი ხალხის ბრძოლას სოციალური და ეროვნული თანასწორობისთვის. პიესაში "როს ნადიმობდნენ" (1907) დადიანი დროებით მოვლენად მიიჩნევს რეაქციის ბნელი ძალების ზეიმს და წარმოსახავს ხალხის მზადებას ახალი ბრძოლებისათვის. როგორც იდეურ-თემატურად, ისე ფორმით დადიანის ადრინდელ პიესებს ბევრი რამ აკავშირებს მ. გორკის დრამატურგიასთან. პიესაში "გუშინდელნი" (1917) დადიანმა ძველი, რეაქციული სამყაროს გარდაუვალი დაცემისა და მოახლოებული განახლების წინათგრძნობა გამოხატა.

დადიანი არსებითად კომედიური ჟანრის ფუძემდებელია ქართულ საბჭოთა დრამატურგიაში. მხილებულია საბჭოთა სახელმწიფო აპარატის ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობისა და თვალთმაქცობის გადმონაშთები. საბჭოთა დრამატურგიაში ტრადიციის ჟანრის აღორძინების ერთ-ერთი პირველი ცდა იყო დადიანის პიესა "თეთნულდი" (1931), რომელშიც ავტორმა თანამედროვე სვანეთის ფონზე ძველისა და ახლის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, ახალი სამყაროს გარდაუვალი გამარჯვება დაგვიხატა. ისტორიულ-რევოლიციურ დრამაში "ნაპერწკლიდან" (1937) ასახულია XX საუკუნის დამდეგს საქართველოს მუშათა კლასის საბრძოლო შეკავშირება ბოლშევიკური ოგრანიზაციების გარშემო.

დადიანი ავტორია პირველი ისტორიული რომანისა ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში. რომანში "გიორგი რუსი" (1916-1926) ასახულია XII-XIII საუკუნეების საქართველო. რომანში "გვირგვილიანების ოჯახი" (1954) დადიანმა ასახა ქართველ თავადაზნაურობის ეკონომიური და სულიერი დეგრადაცია, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ გლეხობის ბრძოლა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. ქართული მემუარული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია მწერლის მოგონებათა წიგნი "რაც გამახსენდა" (1959).

დადიანს დაწერილი აქვს აგრეთვე მრავალი მოთხრობა, ნოველა, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილი; თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ჰოფმან-სტალის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესები. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მსახიობთა კავშირს, იყო თეატრალური საზოგადოების თავმჯოდომარე (1950-1959). ქართული თეატრის სცენაზე 200-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობაც. დადიანის პიესებს თვალსაჩინო ადგილი ეკავა ქართულ საბჭოთა თეატრის რეპერტუარში.
იყო სსრკ-ის I-II მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით.

ნაწარმოებები :

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations