Loading



ავტორების სია » დავით გარეჯელი



მოღვაწეობის საუკუნე : VI საუკუნე

ქრისტიანობის დამკვიდრებას საქართველოში ხელი შეუწყვეს იმ წმინდა მამებმა, რომლებიც VI საუკუნეში მოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში ასურეთიდან. ისინი ცამეტი იყვნენ, ხოლო მათი მოძღვარი წმინდა იოანე ზედაზნელი იყო.

გადმოცემის თანახმად, იოანეს წმინდა ღვთისმშობელი გამოსცხადებია და უბრძანებია, აერჩია თორმეტი ბერი და წასულიყო ივერიაში, რათა ახლად მოქცეულ ხალხში ქრისტეს სჯული განემტკიცებინა.

ამ თორმეტ მოწაფეთა შორის ერთ-ერთი დავითი იყო. მისი მშობლების შესახებ არავითარი ცნობები არ გვაქვს, მაგრამ ცხადია, ისეთ შესანიშნავ შვილს, როგორიც დავითი იყო, მშობლებიც კეთილნი და ღვთისმოსავნი ეყოლებოდა. დავითი სიყრმიდანვე მამა იოანესთან იმყოფებოდა და მისგან ისწავლა მოღვაწეობა.

საქართველოში მოსვლის შემდეგ იოანე ზედაზნელმა მოწაფეები სხვადასხვა კუთხეში გაგზავნა საქადაგებლად. დავითი პირველად მთაწმინდაზე დამკვიდრდა. აქ მან ერთი გამოქვაბული აირჩია. მასთან იმყოფებოდა მისი მოწაფე ლუკიანე, რომელიც მცხეთიდან წამოიყვანა.

მამა დავითი კვირაში ერთ დღეს ჩადიოდა თბილისში და ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას. დაყუდებულმა ბერმა თავისი საკვირველი ქადაგებითა და სამაგალითო ცხოვრებით მრავალი ადმიანი მიიზიდა და ბევრი ცეცხლთაყვანისმცემელი მოაქცია. განრისხებულმა მოგვებმა ფეხმძიმე დედაკაცი მოისყიდეს და მამა დავითს მასთან მრუშობა დასწამეს. ღვთის შეწევნით სიმართლე გაირკვა, ხალხმა ის დედაკაცი ქვით ჩაქოლა, იმ ადგილას აშენებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კი ქაშვეთი დაერქვა.

ამ გარემოების გამო დავითმა ლუკიანესთან ერთად ქალაქი დატოვა. დროებით დაბინავდა ნავთლუღის მახლობლად მტკვრის პირას გამოქვაბულ კლდეში, შემდეგ კი წავიდა ერთ კლდოვან უდაბნოში, რომელიც განშორებული იყო წუთისოფლის შფოთს.
დავითს ეს ადგილი მოეწონა საცხოვრებლად, თუმცა ლუკიანეს ეშინოდა, რომ უდაბნო მოკლებული იყო საზრდოს, წყალს და შეიძლება, ვერ გაეძლოთ გაჭირვებისათვის. მამა დავითმა გაამხნევა საყვარელი მოწაფე და წმ. მამები გარეჯის უდაბნოში დასახლდნენ.

მოსაგრეებს უფალმა სასწაულებრივი საზრდელი გაუჩინა. მათთან ყოველდღე, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, ირმები მოდიოდნენ, ლუკიანე წველიდა, მამა დავითი რძეს ჯვარს გადასახავდა და ყველად აქცევდა.

გარეჯელ მამათა სასწაულები მთელმა ქეყანამ გაიგო და იქ ''დაემკვიდრნენ სიმრავლენი მამაკაცთანი, უდაბნოებითსა ცხოვრებას, შემატკბობელნი."

ნინოწმინდიდან ღირს დავითთან მივიდა სათნოებით შემკული ბერი დოდო, რომელმაც მოძღვრის ბრძანებით კლდის თვზე აღაშენა მონასტერი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობისა.

რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი დავითი იერუსალიმის მოსალოცად წავიდა. ბერმა თავისი უღირსობის გამო წმინდა ქალაქში შესვლა არ ინება, კარიბჭესთან დიდხანს და მხურვალედ ილოცა, შემდეგ იმ ადგილიდან აიღო სამი ქვა და სიწმიდეებად წამოიღო საქართველოში. იერუსალიმის პატრიარქის გაგზავნილმა კაცებმა ორი ქვა გამოართვეს მამა დავითს, მესამე კი წმ. ბერმა საქართველოში ჩამოიტანა.

ხანგრძლივი ღვთივსათნო ცხოვრების შემდეგ აღსრულებული მამა დავითი იქვე, გარეჯის უდაბნოში დაკრძალეს. ეს მოხდა 582 წელს (მამა დავითის ხსენების დღე აღინიშნება ამაღლების შემდეგ პირველ ხუთშაბათს).

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations