Loading



ავტორების სია » ექვთიმე თაყაიშვილი


დაიბადა : 03.01.1863 წ
გარდაიცვალა : 21.02.1953 წ

ექვთიმე თაყაიშვილი (1863 წლის 3 იანვარი, ლიხაური, ოზურგეთის რაიონი - 1953 წლის 21 თებერვალი, თბილისი), ქართველი ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე და მამულიშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ე. თაყაიშვილმა 1883 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ხოლო 1887 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით.

1887-1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი ასწავლიდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში (ბერძნულ-ლათინურ ენებს, ისტორიას და გეოგრაფიას). 1894-1904 წლებში იგი განაგებდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად, ეს გიმნაზია წარმოადგენდა ქართული ეროვნული განათლების უმთავრეს კერას.

პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე ექვთიმე თაყაიშვილი შეუდგა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. იგი გახლდათ წყაროთმცოდნე და არქეოგრაფი, ეპიგრაფიკის მკვლევარი, არქეოლოგი, ქართული მწერლობის ისტორიის მკვლევარი. დიდი ქართველი მეცნიერი და მამულიშვილი, პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი ასე ახასიათებდა თაყაიშვილს: "ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული. მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ არის, - მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლა. იგი იყო "მოხალისე", "მოყვარული", მაგრამ ნამდვილი ბატონი საქართველოს წარსულის კვლევის ფართო ნიადაგზედ... იგი იყო განმგრძობი დიმიტრი ბაქრაძის, თავისი უფროსი თანამედროვის თ. ჟორდანიას და სხვათა ღვაწლისა, რომელთაც იგივე მიზანი ხელმძღვანელობდა მათი უანგარო , დაუღალავი და ხანგრძლივი შრომის დროს" (იხ. ჟ. "ბედი ქართლისა", პარიზი, #16, 1954, გვ. 8).

საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების ძეგლების შესწავლა იყო. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ფართო და ნაყოფიერი მუშაობა გაშალა. მრავალმხრივმა სამეცნიერო საქმიანობამ დიდი პოპულარობა მოუტანა საზოგადოებას. ექვთიმე თაყაიშვილმა დააფეძნა ორი სამეცნიერო სერია "ძველი საქართველო" და "საქართველოს სიძველენი". იგი თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი.

ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობას მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ. ნაშრომისათვის "მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის" 1911 წლის 28 მარტს იგი აღნიშნული საზოგადოების დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული "ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების" კომისიაში. როგორც ცნობილია, უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი გახლდათ უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას.

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ "ვეფხისტყაოსნის" ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლის, რომელიც საზოგადოებამ ვინმე კორინთელისაგან შეიძინა. საზოგადოების შენაძენთა შორის არის აგრეთვე მეფე გოირგი XI-სათვის 1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილი "ვეფხისტყაოსანი". ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით. ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა პელაგია წერეთლისეული "ვეფხისტყაოსნისა", რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული.

ექვთიმე თაყაიშვილის გულმოდგინების შედეგი იყო "ხელმწიფის კარის გარიგების" ხელნაწერის აღმოჩენა. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა. ექვთიმე თაყაიშვილი მუდამ ცდილობდა, რომ ყოველივე ის, რასაც აღმოაჩენდა, უცვლელად გამოეცა. ასევე მოიქცა აღნიშნული ხელნაწერის მიმართაც. 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ "ხელმწიფის კარის გარიგება" მისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით გამოსცა.
ექვთიმე თაყაიშვილმა სამგზის იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველოში). პირველი ექსპედიცია მოეწყო 1902 წელს. ექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ ხუროთმოძღვარი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. ახალციხისა და ახალქალაქის ზოგ ძეგლთან ერთად მაშინ მათ გამოიკვლიეს არტაანის ოლქის ძეგლები და ოლთისის ოლქის ნაწილი. მეორე ექსპედიცია 1907 წელს მოეწყო. ამ მოგზაურობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა ინახულა და აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის ტაძარი, ამ ტაძრის სამხრეთით მდებარე სოფელ სოხროთის ტაძარი, ოთხთა ეკლესია, პარხლის ეკლესია და სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები. ამ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოცემულ იქნა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში.

ექვთიმე თაყაიშვილის პოლიტიკური მოღვაწეც გახლდათ. 1917 წელს იგი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1919-1921 წლებში კი იგი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული პარლამენტის, - დამფუძნებელი კრების, თავმჯდომარის მოადგილე.

ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და მისი ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ 1921 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დატოვა საქართველო. იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში, მეურვეობდა რა საქართველოს ეროვნულ განძს, რომლის ოფიციალურ პატრონად მენშევიკური მთავრობა ითვლებოდა. განძი აუწერელი ფასეულობისაგან შედგებოდა. აქ იყო თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი.
ექვთიმე თაყაიშვილი ერთხანს პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ კი გადავიდა ლევილის მამულში. ამავე დროს, იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული "ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდი"-ს თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის "გეორგიცა" (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი.

ნიუ-იორკისა და ბრიტანეთის მუზეუმები ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ საქართველოს განძის თუნდაც მცირე ნაწილი. ფრანგი ისტორიკოსი მილე ნივთების ფოტოგრაფიულად გადაღების ნებართვას ითხოვდა. ექვთიმე თაყაიშვილი თავს ევლებოდა საქართველოს საუნჯეს და კატეგორიულ უარს ეუბნებოდა ყველას, ვინც კი განძთან დაკავშირებით რაიმეს ითხოვდა. ხედავდა რა უდიდეს ინტერესს განძისადმი, ექვთიმეს აწუხებდა მისი მომავალი ბედი.

ექვთიმე თაყაიშვილს დიდი მცდელობა დასჭირდა იმისათვის, რომ სასამართლოს წესით უარეყო გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივის, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულის, სალომე ობოლენსკაიას საჩივარი, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე. მართალია, ობოლენსკაიამ ვერ მიიღო უფლება დადიანების განძზე, მაგრამ იგი აღარც საქართველოს ეკუთვნოდა. ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე: ხსენებულ წელს გაუქმდა საფრანგეთში საქართველოს საელჩო და მის ნაცვლად შეიქმნა "ქართული ოფისი". განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. ექვთიმე თაყაიშვილი ბევრს ეცადა მიეღწია საფრანგეთის მთავრობის უსამართლო განაჩენის გაუქმებისათვის, მაგრამ ამაოდ.

მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი განძის საქართველოში დაბრუნება. ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრკ -ს ელჩს საფრანგეთში ა. ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე.

1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. ჩამოსვლის პირველი დღეებიდანვე იგი აქტიურად თანამშრომლობდა მეცნიერებათა აკადემიასთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აქვეყნებდა სამეცნიერო ნაშრომებს საქართველოს ისტორიის საკითხებზე. 1945 წლის 10 მაისს არჩეულ იქნა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორად, 1946 წელს კი იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით "ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ". მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ.

გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო... იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. ქართულმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations