Loading



ავტორების სია » იეთიმ გურჯი


დაიბადა : 1875 წ
გარდაიცვალა : 15.07.1940 წ

   ძველი თბილისელი აშუღი, სახალხო მელექსე და მომღერალი იეთიმ-გურჯი (იეთიმ დაბღიშვილი) დაიბადა 1875 წელს ქალაქ თბილისში, ღარიბი ხელოსნის - დაბაღის (მეტყევის) ოჯახში. იეთიმის წინაპრები ქართველები ყოფილან, რომლებიც თურქეთის ომის დროს ტყვედ ჩავარდნილან და მაჰმადიანური სარწმუნოება მიუღიათ. გვარი გურჯი (ქართველი) მაშინ შერქმევიათ. იეთიმის მამა იბრაჰიმი თბილისში დასახლებულა და ცოლად შეურთავს მუხთელი სომხის ქალი სარა გრიგორის ასული. სიმამრს იბრაჰიმი სომხურად მოუნათლავს და თავისივე სახელი გრიგორი უწოდებია, გვარად კი აღაჯანა. იბრაჰიმს ანუ გრიგორს როცა ვაჟი შეეძინა, სახელად იეთიმი დაარქვა, რაც თურქულად ობოლს ნიშნავს. იეთიმ-გურჯი 15 წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა და დედა და პატარა და მისი ხელის შემყურე დარჩა. ამ დროს იეთიმი შეგირდად დაუდგა მუსიკალური საკრავების ოსტატს და მალე ჩინებულად შეისწავლა ჩონგურის, დაირის, ჭიანურის და სხვათა კეთება. მერე შინაც დაიწყო საკრავების გაკეთება. ამასთან ერთად ახალგაზრდა იეთიმ-გურჯი თბილისის ბაღებში ჰყიდდა წიგნის მაღაზიებიდან გამოტანილ წიგნებს. ამგვარი შრომისაგან აღებული ფულით ის არჩენდა ოჯახსაც და თავის თავსაც. მამის გარდაცვალების სამი წლის შემდეგ მოულოდნელი და უბედური შემთხვევის გამო დედაც დაეღუპა. დედის სიკვდილის შემდეგ იეთიმ-გურჯი თავის დასთან ერთად ხარფუხიდან მეტეხის ხიდის მახლობლად, მტკვრის ნაპირზე, ერთ პატარა მიწურ ოთახში გადავიდა საცხოვრებლად. იეთიმ-გურჯთან თავს იყრიდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც იგი სიმღერებს ასწავლიდა.
  
    იეთიმ-გურჯმა ლექსების წერა, ან უფრო უკეთ რომ ვთქვათ, ლექსების გამოთქმა 1895 წლიდან დაიწყო. მისი ლექსები უმთავრესად სიმღერების სახით ვრცელდებოდა ქალაქში. ის თავად ჰქმნიდა თავისივე ლექსებზე სიმღერათა მოტივებს. ჰყავდა საკუთარი დასტა (მეზურნეთა ანსამბლი) და თავისივე ლექსებსა და სიმღერებს თვითონვე ასწავლიდა და ასრულებდა კიდეც. იეთიმ-გურჯი ლექსებს წერდა აგრეთვე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. იეთიმ-გურჯს სკოლა თვალით არ უნახავს. წერა-კითხვა ქაღალდის პარკებზე შეისწავლა. მას კარგი ხმა ჰქონდა, დაჰყავდათ ქორწილებში და მაშინდელი პოეტების ლექსებს ამღერებდნენ. იეთიმ-გურჯს ბინა ავლაბარში ჰქონდა, სადაც მთელი თვეობით არ დაიარებოდა მისი ოთახის ფანჯარაზე, რომელიც ქვაფენილს ამოჰყურებდა, გამოკრული იყო წარწერა ოთხ ენაზე: ქართულად, რუსულად, ფრანგულად და სომხურად: იეთიმ-გურჯი.


1905 წლის რევოლუციის პერიოდში იეთიმ-გურჯი მუშაობდა ბაქოში ნავთის სარეწაოებზე. ის იქ გამოდიოდა მუშათა კრებებზე და მოწოდების ლექსებს კითხულობდა. რევოლუციურ მუშათა ერთ-ერთ კრებაზე მან გამოიტანა საკუთარი დროშა, რომელზედაც ეწერა: "მიხარიან, არ კი მჯერა!" 1905-07 წლის რეაქციის გამარჯვების შემდეგ იეთიმ-გურჯი მეფის ჟანდარმერიის მიერ სხვა რევოლუციონერ მუშებთან ერთად გადასახლებული იქნა. ციხეში და გადასახლებაში ყოფნის დროს მან შეისწავლა მძივების კეთება, ხატვა, მზარეულობა და სხვა ხელობანი. გადასახლებაში იეთიმ-გურჯმა ხუთი წელი დაჰყო. 1912 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა. ამ პერიოდს, კერძოდ კი, 1913 წელს ეკუთვნის მისი შესანიშნავი ლექსი : "გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო."

იეთიმ-გურჯის ლექსები გამოდიოდა პატარა კრებულებად. მან პირველად 1909 წელს გამოაქვეყნა საკმაოდ მოზრდილი პოემა "გმირი ანაბაჯის ლექსი", რომელშიც გადმოცემულია ერთი თბილისელი ლეგენდარული, მკლავის ღონით განთქმული ქალის ანას გმირობა და თავგადასავალი. კრებულები დაიბეჭდა: 1911 წელს  "ახალი მგოსანი და სიმღერების" სახელწოდებით; 1913 წელს  " იეთიმას ახალი ლექსების;" 1914 წელს ,,ტანგოს'', 1916 წელს "დიდი ომის'', 1917 წელს "გათენდას" და 1928 წელს " რჩეული ლექსების" სახელწოდებით.
    იეთიმ-გურჯი, არც თუ ისე ხნიერი, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა 1940 წლის 15 ივლისს, ღვიძლის ქრონიკული დაავადებით.

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations