Loading



ავტორების სია » კორნელი კეკელიძე


დაიბადა : 18.04.1879 წ
გარდაიცვალა : 07.06.1962 წ

კორნელი სამსონის ძე კეკელიძე(დ. 18 აპრილი, 30 აპრილი, 1879, სოფ. ტობანიერი, ვანის რაიონი - გ. 7 ივნისი, 1962, თბილისი), ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943).

კორნელი კეკელიძე სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1904 წელს დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია. 1905-1906 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისსა და თბილისში. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. 1916 წელს დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად. კორნელი კეკელიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას.1919-1925 წლებში იყო სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1926-1930 წლებში - სასწავლო-სამეცნიერო ნაწილის პრორექტორი . 1921-1930 წლებში ხელმძღვანელობდა თსუ-თან არსებული სიძველეთსაცავს, 1933-1936 წლებში ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1942-1949 წლებში განაგებდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. სხვადასხვა დროს იყო განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი და სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ამიერკავკასიის ცაკის წევრი (1927,1929).

კორნელი კეკელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი "ახალი საგალობლები აბო თბილელისა" 1905 წელს ჟურნალ "მწყემსში" (№ 13, 14) დაიბეჭდა. 1907 გადამუშავებული საკანდიდატო ნაშრომისათვის "ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა" (რუსულ ენაზე, ცალკე წიგნად გამოიცა თბილისში, 1908) მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი.
1905-1912 წლებში თანამშრომლობდა "კიევის სასულიერო აკადემიის შრომებში", 1912-1917 წლებში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანოში - "ქრისტიანული აღმოსავლეთი". სამეცნიერო ასპარეზზე გამოსვლისთანავე კორნელი კეკელიძეს მძიმე შავი სამუშაოს შესრულება მოუხდა არქივებსა და სიძველეთსაცავებში, კერძო მეპატრონეთა კოლექციებში. მან დიდი ამაგი დასდო ქართული ხელნაწერების გამოვლენის, შეგროვებისა და აღწერილობის საქმეს. ძველი ქართული ლიტერატურის მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ჯერ სრულიად ხელუხლებელი იყო. კეკელიძის ადრინდელი სამეცნიერო ნაშრომებმა ("იერუსალიმის განჩინება VII საუკუნისა", რუსულ ენაზე, 1912, მ.ნ. ახმატოვის სახელობის პრემია; "ძველი ქართული არქიერატიკონი", რუსულ ენაზე, 1912) ბევრ რუს და უცხოელ მეცნიერს აღუძრა ინტერესი ქართული მწიგნობრობისადმი. კეკელიძემ მეცნიერულად აღწერა გელათში (1905) და სვანეთში (1911) დაცული ქართული ხელნაწერები. 1948-1954 წლებში გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომის კეკელიძის საერთო რედაქციით. განუზომელია კეკელიძის ღვაწლი ტექსტოლოგიაში: 1918 და 1946 წლებში გამოსცა ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების კიმენურ რედაქციათა ორტომეული (პ. პეეტერსმა აქ გამოქვეყნებული ტექსტები ერთი ნაწილი ლათინურად თარგმნა), 1930 წელს - ნ.ციციშვილის "შვიდი მთიები", 1935 წელს - იოანე საბანისძის "აბო თბილელის წამება" და ბასილი ზარზმელის "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება", 1936 და 1948  წლებში  - იოანე ბატონიშვილის "კალმასობის" ორტომეული (თანარედაქტორი ა. ბარამიძე), 1938 - "ვისრამიანი" (თანარედაქტორები ა. ბარამიძე და პ. ინგოროყვა), 1941 - "ისტორიანი და აზმანი შარავანდედტანი" და სხვა.

კორნელი კეკელიძის დიდმა ერუდიციამ, ძველი ქართული მწერლობის როგორც ზოგად, ისე ვიწრო სპეციალურ საკითხებში ღრმა განსწავლულობამ განაპირობა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ფუნდამენტური ორტომეულის შექმნა (1923-1960 გამოიცა ოთხჯერ). ორტომეულის საფუძველზე კეკელიძემ შექმნა "ძველი ქართული ლიტერატურის კონსპექტური კურსი" (რუსულ ენაზე, 1938). 1955 რომში გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა მ. თარხნიშვილისა და ი. ასფალგის მიერ გადამუშავებული კეკელიძის ორტომეულის I ტომი.

კორნელი კეკელიძემ თავიდანვე განსაზღვრა ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის დიდი მნიშვნელობა როგორც საკუთრივ ქართული კულტურის ისტორიაში, ისე მსოფლიო საქრისტიანო კულტურის ისტორიის თვალსაზრისით. იგი იკვლევდა ქართულ-ბიზანტიურ, ქართულ-სპარსულ ლიტერატურის ურთიერთობებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ხალხური სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ ისტორიოგრაფიასაც, აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრივხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მისმა ნაშრომებმა აამაღლა და განამტკიცა ქართული ფილოლოგიური მეცნიერების პრესტიჟი მთელ მსოფლიოში. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართველ მეცნიერებათა კადრების აღზრდაშიც. კეკელიძე დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და 2 შრომის წითელი დროშის ორდენით.

ნაწარმოებები :


ლექსი :
ჭიაკოკონა

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations