Loading



ავტორების სია » ნიკო ლორთქიფანიძე


დაიბადა : 17.09.1880 წ
გარდაიცვალა : 25.05.1944 წ

ლორთქიფანიძე ნიკო (ნიკოლოზ) მერაბის ძე (17. IX. 1880, სოფ. ჩუნეში, წყალტუბოს რაიონი - 25. V. 1944) ქართველი მწერალი.

ნიკო ლორთქიფანიძე ჯერ სწავლობდა  ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, შემდეგ კი საშუალო სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაამთავრა. სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ ავსტრიაში - ლეობენის სამთო აკადემიაში. 1907 წელს ნ. ლორთქიფანიძე სამშობლოში დაბრუნდა. იგი გერმანულ ენას ასწავლიდა თბილისისა და ქუთაისის სკოლებში და 1928 - 1940 წლებში საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში, სადაც შემდგომში უცხო ენათა კათედრის გამგე გახდა. 1921 - 1924 წლებში ნ. ლორთქიფანიძე ხელოვნების მუშაკთა კავშირის თავმჯდომარე იყო.

ნ. ლორთქიფანიძემ ლიტერატურული მოღვაწეობა 1902 წელს დაიწყო. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: "ნიშადური", "საქართველო", "ივერია", "თეატრი და ცხოვრება", "დროება", "სახალხო გაზეთი" და სხვ. მან იმთავითვე მიიქცია ყურადღება, როგორც უაღრესად ჰუმანური იდეების გამომხატველმა შემოქმედმა. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატური მრავალფეროვნებითა და ჟანრთა ნაირსახეობით (200-მდე მინიატურა, ნოველა, მოთხრობა, 1 რომანი, 2 პიესა) გამოირჩევა.

ნ. ლორთქიფანიძის პოეტური პროზის ის მინიატურები, რომლებშიც სამშობლოს ბედით დაკოდილი ადამიანის წუხილი ისმის ("მოლოდინში", 1908; "მრცხვენია", 1909; "საქართველო იყიდება", 1910; "რეკა", 1911 და სხვ.) ღრმა ლირიზმით არის გამსჭვალული. მწერლის ყურადღების ცენტრში ე. წ. "პატარა ადამიანია" ("პატარა კაცი", "მარად და მარად", 1912, "ტრაგედია უგმიროდ", 1922; "თავსაფრიანი დედაკაცი", 1926 და სხვ.). ნ. ლორთქიფანიძის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფეოდალური ხანის ამსახველ თხზულებებს: "მრისხანე ბატონი", 1912; "ჟამთა სიავე" (1920); "რაინდები" (1924) და სხვ. ნ. ლორთქიფანიძის შემოქმედებაში თანაბარი სიძლიერით არის წარმოჩენილი ლირიზმი და იუმორი: "რუმბი", 1911; "ქაღალდის კაცი", 1920. მის თხზულებათა ერთ ნაწილს ლეგენდურ-ზღაპრული შინაარსი უდევს საფუძვლად ("ავადმყოფი დედა", 1909; "მოწყენილი ანგელოზი", "უკვდავი გველი", 1910). ნ. ლორთქიფანიძის ერთადერთი რომანი "ბილიკებიდან ლიანდაგზე" (1928) ეხმაურება ქართველი ხალხის რევოლუციურ ბრძოლას 1905 - 1907 წლებში. მას ეკუთვნის პიესები "ქეთო" (1914) და "შეუთანხმებლები" (გამოქვეყნდა 1953 წელს).

მხატვრული სიტყვის ბრწყინვალე ოსტატმა ნ. ლორთქიფანიძემ მნიშვნელოვნად განსაზღვრა XX საუკუნის ქართული პროზის განვითარება.

ნაწარმოებები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations