Loading



ავტორების სია » ნიკო ლომოური


დაიბადა : 07.02.1852 წ
გარდაიცვალა : 17.04.1915 წ

ლომოური ნიკო იოსების ძე, 7. II. 1852, სოფ. არბო, გორის რ-ნი - 17. IV.1915, ქ. გორი. ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი. გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1875 - 1879 წწ. სწავლობდა კიევის სასულიერო სემინარიაში. 1881 წლიდან იგი ერთხანს მასწავლებლობდა გორის სამასწავლებლო სემინარიასა და თბილისის ქალთა პროგიმნაზიაში. ნ. ლომოურის პირველი ლექსები 1871 წელს ჟურნალ "მნათობში" გამოქვეყნდა, ხოლო 1885 წელს მისი ლექსები ცალკე წიგნად გამოიცა. მწერლის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელმაც განსაზღვრა მისი შემოქმედებითი მანერა, იყო მოთხრობა "ალი" (1878 წ.), რომელიც 1879 წელს ჟურნალ "ივერიაში" გამოქვეყნდა. ნ. ლომოურის შემოქმედება ქართველ "სამოციანელთა", განსაკუთრებით ი. ჭავჭავაძისა და რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა იდეურ-მხატვრული ნააზრევით განვითარდა. მისი მოთხრობების მთავარი თემაა ბატონყმობის გადავარდნის შემდეგდროინდელი ქართული სოფლის ყოფა. ხალხოსანთა მსგავსად, ნ. ლომოური გლეხობის მძიმე ხვედრის მემატიანე იყო. ხალხის ცხოვრების გრადაქმნის მთავარ ფაქტორად მწერალს სწავლა-განათლება მიაჩნდა, რადგან გაუნათლებლობა, ცრუმორწმუნეობა და მავნე ჩვეულებები ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა ყველა რჯულის ექსპლუატატორს (მოთხრობები "ალი", "ქაჯანა", 1881; "პაწია მეგობრები", 1906 და სხვ.). გლეხობის დამრაზმველ ძალად მას ხალხის წიაღიდან გამოსული განათლებული პირები ესახებოდა (მოთხრ. "ბედი უბედურთა", 1880; "გიგო ღრუბელაშვილი", 1891). ნ. ლომოურის კალამს ეკუთვნის აგრეთვე ისტორიული მოთხრობები ("წინაპართა აჩრდილნი", 1902; "ხერხი სჯობია ღონესა", 1914). იგი ავტორია მრავალი პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილისა. მწერლის შემოქმედება ხასიათდება ლაკონიური და მკაფიო სტილით, დახვეწილი ენობრივი მასალით, პერსონაჟთა და სიტუაციათა რელიეფური ხატვით. მისი ფსევდონიმები იყო: "ლევან ცაველი", არბოელი", "გორელი". ნიკო ლომოურის მოთხრობები შეტანილია სასკოლო სახელმძღვანელოებში.

ნაწარმოებები :

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations