Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/buki/public_html/config.php on line 77 გრიგოლ ორბელიანი
Loading



ავტორების სია » გრიგოლ ორბელიანი


დაიბადა : 02.10.1804 წ
გარდაიცვალა : 21.03.1883 წ

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე, 2(14). X. 1804, თბილისი - 21.III. (2.IV). 1883. დაკრძალულია ქაშვეთის ტაძარში. ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

გრიგოლ ორბელიანი დაიბადა დიდგვაროვანი ფეოდალის ოჯახში, იყო ერეკლე II შვილიშვილის შვილი. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ საარტილერიო სკოლაში. მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ლეკების წინააღმდეგ (1822 - 1830 წწ.), რუსეთ-ირანის (1826 - 1827 წწ.) და რუსეთ-თურქეთის (1828 - 1829 წწ.) ომებში. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. განთავისუფლების შემდეგ, 1859 წლიდან, თბილისში მთავარმმართებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

პროგრესული საზოგადოება დიდად აფასებდა გრ. ორბელიანს, როგორც საზოგადო მოღვაწეს. იგი ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი პირველი ნაწარმოებები - პროზაული მინიატურები - 1824 წლით არის დათარიღებული. ამავე წლით თარიღდება გრ. ორბელიანის პოემის "სადღეგრეძელო ანუ ომის შემდეგ ლხინი ერევნის სიახლოვეს" ადრეული ვარიანტი. მისი პოეზიის მამოძრავებელი ძალაა პატრიოტიზმი. პოეტმა სამშობლოს წარსულს, მის აღუდგენელ ბრწყინვალებას მიუძღვნა "იარალის", 1832; "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში", 1877 და სხვ. თავის ძირითად თხზულებაში, ლირიულ-რომანტიულ პოემაში "სადღეგრძელო" (1827 - 1870 წწ.) გრ. ორბელიანმა გააცოცხლა სამშობლოს მოჭირნახულე, დიდებითა და ბრწყინვალებით მოსილ ისტორიულ გმირთა სახეები, რომლებსაც შთამომავალთა ხსოვნაში უკვდავება მოუპოვებიათ. ესენია: ქართული ანბანის შემქმნელი მეფე ფარნაოზი; საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელი მეფე მირიანი; ქვეყნის სპარსთა უღლისაგან დამხსნელი ვახტანგ გორგასალი; დავით აღმაშენებელი; თამარ მეფე; ქეთევან დედოფალი; ელიზბარ და შალვა ერისთავები; ბიძინა ჩოლოყაშვილი; ცხრა ძმანი ხერხეულიძენი; სამასი არაგველი და სხვ., დასასრულს - "ივერიის ნუგეშ-დიდება" მეფე ერეკლე, რომლის გარდაცვალების შემდეგ სამშობლოს მზეც ჩაესვენა.

გრ. ორბელიანი ავტორია რამდენიმე მუხამბაზური ლექსისა ("მუხამბაზი", 1829; 1833; 1835 წწ.).
XIX საუკუნის 70-იან წლებში გრ. ორბელიანი გამოეხმაურა ძველი და ახალი თაობის ურთიერთობას. მოგვიანებით მის შემოქმედებაში აისახა დამშვრალი მუშის ცხოვრება ("მუშა ბოქულაძე", 1877). ავტორს სიბრალულს აღუძრავდა მშრომელი ადამიანის გაუხარელი ყოფა. მუშისა და "განცხრომის ძის" მკვეთრ დაპირისპირებაში ჩანს 60 - 70-იანი წლების დემოკრატიული იდეების ზეგავლენა.
პოეტს ნათარგმნი აქვს ვ. ჟუკოვსკის, ი. კრილოვის, მ. ლერმონტოვის თხზულებანი; შექმნა ლექსები ა. პუშკინის მიხედვით. მისი ეპისტოლური მემკვიდრეობა უხვ მასალას გვაწვდის ავტორის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ პირადი ცხოვრების შესახებ.

ნაწარმოებები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations