Loading



ავტორების სია » ლეო ქიაჩელი


დაიბადა : 07.02.1884 წ
გარდაიცვალა : 19.12.1963 წ

ლეო ქიაჩელი (ნამდვილი სახელი და გვარი ლეონ მიხეილის ძე შენგელაია) (დ. 7 თებერვალი/19 თებერვალი, 1884, სოფ. ობუჯეთი, ახლანდელი წალენჯიხის რაიონი - გ. 19 დეკემბერი, 1963, თბილისი), ქართველი მწერალი.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1904-1905 წლებში, სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1905-1907 წლების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1907 წელს გაიქცა ქუთაისის ციხიდან. ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვში. 1912 გაემგზავრა შვეიცარიაში, სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.

1909 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. ქიაჩელის ადრინდელ ნოველებში საგრძნობია სიმბოლისტური და იმპრესიონისტული მიმდინარეობისათვის ნიშანდობლივი მოტივები - სკეფსისი ("შეურაცხყოფილი"), ნიღბის ფილოსოფია ("სცალადე"), დუმილის თეორია ("სტეფანე", "ისკანდერი"), ბედისწერის პრობლემა ("ცოდვის შვილები") და სხვა. ამავე პერიოდიდან იჩინა თავი ქიაჩელის რეალისტურმა თვალთახედვამაც. საბჭოთა პერიოდში შექმნილ საუკეთესო ნოველებში ქიაჩელმა დიდი მხატვრული სიმართლითა და ფსიქოლოგიური სიღრმით გადმოსცა ყოფილი თავადების სოციალური და პიროვნული კატასტროფა ("თავადის ქალი მაია", 1927), შვილის დამკარგავი მამის მძაფრი სულიერი ტრაგედია ("ალმასგირ კიბულანი", 1925), ორი ურთიერთდაპირისპირებული მორალური მრწამსის ჭიდილი ("ჰაკი აძბს", 1933).

ქიაჩელის პირველი რომანი "ტარიელ გოლუა" (1916) უახლესი ქართული ლიტერატურის საეტაპო თხზულებაა. რომანი ასახავს 1905 წლის რევოლუციას სამეგრელოს სოფლის ფონზე. მწერალი წარმოგვიდგენს თაობათა სრულ იდეოლოგიურ ერთიანობას კლასობრივი ბრძოლის პირობებში. თანამოაზრენი არიან მამა-შვილი - სიბრძითა და ქედუხრელობით ცნობილი მშრომელი გლეხი ტარიელ გოლუა და "ერთობის" მოთავე ახალგაზრდა ლევანი. ამ რომანშივე პირველად იჩენს თავს მამაშვილური სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის იდეა, რომელიც გასდევს ქიაჩელის მთელ შემოქმედებას ("ალმასგირ კიბულანი", "მამა და შვილი", "მთის კაცი"). რომანში ნაჩვენებია რევოლუციური ბრძოლის აღმავლობა, ხალხის ერთსულოვნება, რეაქციის მძვინვარება სოფლად. ღრმად ოპტიმისტურია რომანის ეპილოგი.

ქიაჩელის მომდევნო რომანი "სისხლი" (1926-1927) წარმოსახავს რეაქციის ხანას საქართველოში. მენშევიკური ფრაქციის წარმომადგენელი არჩილ დადაშიანი კეთილშობილი, მაგრამ მერყევი ბუნების კაცია. მისი პიროვნება თითქოს ასახიერებს ქართულ მენშევიზმს, რომელიც საბოლოოოდ ნაციონალიზმში ეფლობა. რომანში არ ჩანს მკვეთრად ის ძალა, რომელსაც მიჰყავს რევოლუცია აღმავლობისაკენ.

განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ქიაჩელის რომანმა "გვადი ბიგვამ" (1936-1937; სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, 1941), რომელშიც წარმოდგენილია 30-იანი წლების ქართული სოფლის ცხოვრება: შენიღბული რეაქციული ძალები (არჩილ ფორია), კერძომესაკუთრული ფსიქიკით შეპყრობილი გლეხობა (გოჩა სალანდია), სიზარმაცე და ცუღლუტობა (გვადი ბიგვა). რომანის იდეური ხაზია ახალი ადამიანის ჩამოყალიბება. გვადია ფერისცვალება ფსიქოლოგიური ტაქტით არის წარმართული; საკუთარ კაცურ ღირსებაში დარწმუნებას და არჩილის ზეგავლენისაგან თავდახსნის სიხარულს მოსდევს არჩილის უნებლიე მკვლელობა - სისხლიანი ზღვარი დღევანდელსა და ხვალინდელს შორის.

ქიაჩელის უკანასკნელი რომანი "მთის კაცი" (1948) სამამულო ომს ეძღვნება.

ქიაჩელის პროზა სადაა, მკვიდრად შეკრული. მწერალი ხასიათების გამოკვეთისა და ფსიქოლოგიური მოტივირების დიდი ოსტატია.

ქიაჩელის თხზულებანი თარგმნილია ყოფილ სსრკ-ის ხალხთა და მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის 2 ორდენითა და მედლებით.

დასაფლავებულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ნაწარმოებები :

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations