Loading



ავტორების სია » გაბრიელ ქიქოძე


დაიბადა : 15.11.1825 წ
გარდაიცვალა : 26.12.1896 წ

გაბრიელი (ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე) (15 ნოემბერი, 1825, სოფ. ბახვი, ოზურგეთის რაიონი - 26 დეკემბერი, 1896, ქუთაისი), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და პედაგოგი, იმერეთის ეპისკოპოსი 1860-1896 წლებში.

1839 წელს დაამთავრა თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სემინარიაში. 1842 წელს შევიდა ქ. ფსკოვის სასულიერო სემინარიაში. 1845 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო სემინარია, ხოლო 1849 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემია.
1849 - 1858 წლებში გაბრიელი მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას. პარალელურად მუშაობდა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად. 1851 წელს მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 1856 წელს ოჯახური ტრაგედიის გამო (მოკლე დროში გარდაიცვალა მეუღლე და ხუთი შვილი) მღვდელ-მონაზვნად აღიკვეცა. 1858 წელს არქიმანდრიტის ხარისხით დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად. იმავე წლის დამლევს გაბრიელი დაინიშნა გორის ეპისკოპოსად. 1860 წელს იგი ხელდასხმულ იქნა იმერეთის ეპისკოპოსად და ამ უაღრესად საპატიო მოვალეობას ასრულებდა გარდაცვალებამდე.

მეუფე გაბრიელი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და საპატიო წევრი. საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სახალხო და სამრევლო სკოლა. მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ქალთა ეპარქიული სასწავლებელი და სასულიერო სემინარია.

გაბრიელმა შექმნა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი. 1858 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოიცა მისი კაპიტალური ნაშრომი "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები", რომელიც სემინარიებში დიდხანს სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა. ფართოდაა ცნობილი გაბრიელის ზეპირად წარმოთქმული სიტყვები და ქადაგებანი, რომელთა ორტომეული გამოცემულ იქნა ქართულ (1865, 1884-1885, 1913, 1989), რუსულ (1893) და ინგლისურ (1867) ენებზე. მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე.

მეუფე გაბრიელი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. იგი ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, წინ აღუდგა იანოვსკი-ლევიცკის მუნჯური მეთოდით სწავლებას, რომლის მიზანი იყო ქართული ენის სრულად განდევნა სკოლებიდან. 1872 წელს მან გაილაშქრა გ. მუხრანბატონ-მუხრანელის წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებდა დიდი ერის მიერ პატარა ერების ასიმილაციისა და მცირე ერის ენის გაქრობის გარდუვალობას. აღსანიშნავია, აგრეთვე, გაბრიელ ეპისკოპოსის თავდადებული მოღვაწეობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღსადგენად.

მეუფე გაბრიელი აღესრულა 71 წლის ასაკში. იგი განისვენებს გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა.



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations