Loading



ავტორების სია » ნიზამი განჯელი


დაიბადა : 1141 წ
გარდაიცვალა : 1209 წ

ნიზამი განჯელი‎ (1141 - 1209), სრული სახელი ნიზამ ად-დინ აბუ მუჰამედ ილიას იბნ-იუსუფ იბ-ზაქი იბნ-მუაიდი, აზერბაიჯანელი პოეტი და ჰუმანისტი, წერდა სპარსულ ენაზე. სპარსული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ნიზამი განჯელი დაიბადა ხელოსნის ოჯახში, განჯაში, სადაც თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა. დედამისი, რაისა, წარმოშობით ქურთი იყო, მამამისის სახელი, იუსუფი, ერთხელ ნახსენებია მის პოეზიაში, თუმცა მასზე სხვა ცნობები არ არსებობს. ნიზამი ადრე დობლებულა და ბიძასთან ცხოვრობდა. მისი ცხოვრების დეტალებზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება.

XII საუკუნის აზერბაიჯანული პოეზია საკარო ხასიათის იყო, თუმცა ნიზამი განჯელი არ დასდგომია მეხოტბეობის გზას და სიკვდილამდე შეინარჩუნა შემოქმედებითი თავისუფლება. ნიზამი განჯელის ეკუთვნის ლირიკული ლექსების კრებული (დივანი) და "ხამსე" (ხუთეული) - 5 პოემა: "საიდუმლოებათა საგანძური" (1179), "ხოსროვ და შირინი" (1181), "ლეილი და მაჯნუნი" (1188), "შვიდი მზეთუნახავი" (1197) და "ისქანდერნამე" (დაახლ. 1200), რომელსაც ორ ნაწილად ჰყოფენ: "დიდების წიგნი" და "ბედნიერების წიგნი".

"საიდუმლოებათა საგანძური" 20 დიდაქტიკური ხასიათის, სიუჟეტურად ერთმანეთთან დაუკავშირებელი საუბრისაგან შედგება, ამიტომ თხზულებას პირობითად შეიძლება პოემა ეწოდოს. მისი ამოცანაა ავტორის ფილოსოფიურ-რელიგიური შეხედულებათა მხატვრული ფორმით გადმოცემა. შესავალი შეიცავს ნიზამი განჯელის პოეტურ შეხედულებებს.

მომდევნო სამმა პოემამ მთელი ეპოქა შექმნა ეპიკურ-რომანტიული მიმართულების განვითარებისათვის აღმოსავლელ ხალხთა ლიტერატურაში.

პოემა "ხოსროვ და შირინი" რეალისტური ნაწარმოებია, ზღაპრული და ფანტასტიური ელემენტების გარეშე, რაც იშვიათია აღმოსავლურ ლიტერატურაში. პოემაში "შვიდი მზეთუნახავი" მოთხრობილია მაჰრამ-გურის ცხოვრება. როგორც თავისი დროის შვილი, ნიზამი განჯელი სამართლიანი შაჰის იდეას ქადაგებს.

ნიზამი განჯელის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პოემა "ისქანდერნამეს". მას საფუძვლად უდევს სპარსული და არაბული ქრონიკები, ქრისტიანული და ებრაული წყაროების მიხედვით ისქანდერი (იგივე ალექსანდრე მაკედონელი) იდეალური მეფეა, რომელიც სამართლიანობასა და ჭეშმარიტებას ეძებს, ცდილობს ამოხსნას ადამიანის არსებობის არსი. ნიზამი განჯელმა აღმოსავლელ პოეტთაგან პირველმა უმღერა ამ პოემაში თბილისის მშვენიერ ბუნებასა და მეგობრობას კავკასიელი ხალხის მეგობრობას, რომლებიც გაერთიანებული ძალით აღუდგნენ ალექსანდრე მაკედონელის ამიერკავკასიაში შემოსვლას.  ნიზამი განჯელის შემოქმედებას კარგად იცნობდა XII-XIII სს. ქართველი მკითხველი საზოგადოება. მისდამი ინტერესი შემდეგაც არ შენელებულა. XVIII საუკუნეში გაჩნდა ნიზამი განჯელის პოემის ახალი ქართული რედაქციები.



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations