Loading



ავტორების სია » გი დე მოპასანი


დაიბადა : 05.08.1850 წ
გარდაიცვალა : 06.07.1893 წ

სრული სახელია ანრი რენე ალბერ გი. ფრანგი მწერალი, მოღვაწეობდა 70-80-იანი წლების მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში.

გი დე მოპასანი დაიბადა შატო დე მირომესნილში, დიეპთან (ნორმანდია), საფრანგეთი. მოპასანები ლორენთა ძველი გვარის შთამომავლები იყვნენ, რომლებიც ნორმანდიაში მე-18 საუკუნის შუა წლებში დასახლდნენ. მამამისმა 1848 წელს შეძლებული ბურჟუას ახალგაზრდა ქალიშვილზე, ლორა ლე პუატვენზე, იქორწინა.

ცამეტ წლამდე გი დედასთან ეტრეტაში, ვერჟის ვილაში, ცხოვრობდა ზღვის სანაპიროზე სოფლად, სადაც ის ძალიან დაუახლოვდა ბუნებას და სპორტს; ის ხშირად ადგილობრივ მეთევზეებთან სათევზაოდ გადიოდა ზღვაში და გლეხებთან პატუაზე საუბრობდა.

თავდაპირველად ივტოს სემინარიაში შედის, თუმცა შეგნებულად ახერხებს თავის გაგდებას. ამ ადრეული რელიგიური განათლებიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში მოსდევს რელიგიისადმი ხაზგასმული სიძულვილი. შემდეგ მას რუენის ლიცეუმში აგზავნიან სადაც თავს იჩენს, როგორც კარგი მოსწავლე და ინტერესს პოეზიისა და თეატრისადმი ამჟღავნებს.

1870 წელს კოლეჯის დამთავრების შემდეგ მალევე ფრანკო-პრუსიის ომი იწყება და ის არმიაში მოხალისედ ეწერება. 1871 წელს ომის დამთავრების შემდეგ ის ნორმანდიას ტოვებს და პარიზში გადადის, სადაც თითქმის ათი წელი კლერკად მუშაობს საზღვაო დეპარტამენტში. ამ ხნის განმავლობაში მისი სპორტული აქტიურობა კვირაობით სენაზე კანოით ნაოსნობით შემოიფარგლებოდა.

პარიზში გუსტავ ფლობერი, დედის ახლო მეგობარი, მას საკუთარი პროტექციის ქვეშ იყვანს და ეხმარება მის დებიუტში ჟურნალისტიკასა და ლიტერატურაში. ფლობერის სახლში ის ხვდება ივან ტურგენევსა და ემილ ზოლას, ასევე რეალისტური და ნატურალისტური სკოლების მრავალ პროპაგანდისტს. ამ დროს ის წერს რამდენიმე პოემასა და მცირე პიესას.

1850 წელს კრებულში ''მედანის საღამოები'' დაიბეჭდა მისი პირველი ნოველა ''ფუნთუშა'', ამავე წელს გამოქვეყნდა კრებული ''ლექსები'', შემდეგ ნოველათა კრებულები ''ტელიეს სახლი'' (1881), ''მადმუაზელ ფიფი'' (1882), ''ვალდშნეპის მოთხრობები'' (1884),  ''დღისა და ღამის ზღაპრები'' (1885), ''პაწაწა როკი'' (1886). მოპასანმა შექმნა ნოველის კლასიკური ნიმუში, რომელიც გამოირჩევა მდიდარი თემატიკით, დახვეწილი ენით, რაფინირებული ფსიქოლოგიზმით. თავის რომანში ''ცხოვრება'' (1883) მან გამოიყენა თხრობის ობიექტური მეთოდი და ბიოგრაფიული რომანის ფორმა. მწერლის სატირული ნიჭი მთელი სისრულით გამოვლინდა რომანში ''ლამაზი მეგობარი'' (1885), იმდროინდელი ყოფა და მანკიერებანი რომანებში ''მანტ-ორიოლი'' (1886), ''პიერ დე ჟანი'', ''სიკვდილივით ძლიერი'', ''ჩვენი გული''.

1878 წელს ის სახალხო ინსტრუქციის სამინისტროში გადაჰყავთ, სადაც რამდენიმე წამყვანი გაზეთის (''ფიგარო'', ''ჟილ ბლა'', ''გოლუა'' და ''ეკო დე პარი'') რედაქტორი ხდება. თავისუფალ დროს მოთხრობებისა და მოკლე ესსეების წერას უთმობდა. 1880 წელს ის საკუთარ პირველ შედევრს "ფუნჩულას" (Boule de Suif) აქვეყნებს, რომელსაც მყისიერი წარმატება ხვდა წილად. ფლობერის შეფასებით ეს ''შედევრია, რომელიც დრო-ჟამს გაუძლებს''.

1880-იანი წლები მოპასანის ხოვრებაში ყველაზე ნაყოფიერი იყო. პირველი მოთხრობის მოტანილი წარმატების შემდეგ ის მეთოდურად მუშაობს და წელიწადში ორ ან სამ კრებულს უშვებს. ის წარმატებით ახერხებს ტალანტისა და პრაქტიკული საქმოსანის უნარის შეხამებას, რასაც მისთვის გავლენა და მატერიალური შეძლება მოაქვს.

1881 წელს გი მოკლე ისტორიების პირველ კრებულს აქვეყნებს სათაურით ''ტელიეს სახლი'' (La Maison Tellier), რომელიც ორ წელიწადში თორმეტჯერ გამოიცა. 1883 წელს ის პირველ რომანს ''წუთისოფელი'' (Une vie) ასრულებს, რომლის 25.000 ასლი ერთ წელიწადში გაიყიდა. რომანებში ის თავს უყრის მოკლე ისტორიებში აქა იქ მიმობნეულ მცირე ეპიზოდებსა და დაკვირვებებს. მისი მეორე რომანი ”ლამაზი მეგობარი” (Bel-Ami, 1885) ოთხ თვეში 37-ჯერ დაიბეჭდა. ამგავრი წარმატებების შემდეგ მისი გამომცემელი ჰავარდი მას ახალი შედევრების შექმნას უკვეთავს, რასაც მოპასანი საკმაოდ ადვილად ასრულებს. ამ დროს ის წერს რომანს ''პიერი და ჟანი'', რომელიც მრავალთა აზრით მისი საკუთესო ნაწარმოებია.

საზოგადოებისგან განდგომილს გის მარტოობა და მედიტაცია უყვარდა. მას ბევრი უმოგზაურია ალჟირში, იტალიაში, ინგლისში, ბრეტანში, სიცილიასა და ოვერნში, და ყოველი მოგზაურობიდან ახალი კრებულით ბრუნდებოდა. ის თავისი კერძო იახტით ”ბელ-ამი” მოგზაურობდა, რომელსაც სახელი საკუთარი რომანიდან დაარქვა. ამგვარი დაუდეგარი ცხოვრების წესის მიუხედავად მას რამდენიმე იმხანად პოპულარული მეგობარი ჰყავდა: ალექსანდრე დიუმა (უმც.) მას მამობრივი ზრუნვით ეკიდებოდა; ო-ლე-ბენში ის იპოლიტ ტენს ხვდება და მოჯადოებულივით ამ ფილოსოფოს-ისტორიკოსის გავლენის ქვეშ რჩება.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ფლობერი მის ლიტერატურულ ნათლიად რჩებოდა. გის მეგობრობა ძმებ გონკურებთან მცირე ხანს გრძელდება; მისი პირდაპირი და პრაქტიკული ნატურა ვერ ეგუება ჭორის, სკანდალისა, გაორებისა და ზურგსუკან კრიტიკის გარემოს, რომელიც ამ ორმა ძმამ შექმნა მათ გარშემო მე-18 საუკუნის სტილის სალონთა მსგავსად. მას სძულდა ადამიანური კომედია, სოციალური ფარსი.

ცხოვრების ბოლო წლებში მას უყალიბდება სიმარტოვისადმი გაზვიადებული მიდრეკილება, თვითიზოლაცია, სიკვდილისადმი მუდმივი შიში და სასჯელის მანია, რომელიც თან სდევდა ახალგაზრდობაში შეყრილი სიფილისის შემდეგ. 1891 წელს სულიერ ავადმყოფად შერაცხეს და ორ წელიწადში, 1893 წლის 6 ივლისს, საკუთარი 43-ე წლისთავამდე ერთი თვით ადრე გარდაიცვალა.

დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე, პარიზში.


ნაწარმოებები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations