Loading



ავტორების სია » შანდორ პეტეფი


დაიბადა : 01.01.1823 წ
გარდაიცვალა : 31.07.1849 წ

შანდორ პეტეფი (1 იანვარი, 1823, კიშკერეში - 31 ივლისი, 1849, შეგეშვარი), უნგრელი პოეტი, რევოლუცოინერი-დემოკრატი. 1848-1849 უნგრული რევოლუციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მშობლების (მამა - სერბი, დედა - სლოვაკი) გაკოტრების გამო პეტეფი იძულებული გახდა სწავლისათვის თავი დაენებებინა და მოხეტიალე ცხოვრება დაეწყო. მუშაობდა სტატისტად, გამწესდა ჯარისკაცად, იყო მოხეტიალე დასის მსახიობი და მოდების ჟურნალის რედაქტორის თანაშემწე. პირველი ლექსი "მსმელი" 1842 გამოაქვეყნა. მ. ვერეშმარტის დახმარებით დაბეჭდა პირველი კრებული "ლექსები" (1844). პეტეფი იყენებდა ხალხურ მოტივებს, თუმცა თვალსაჩინო იყო მისი პოეტური ქმნილებების თვითმყოფადი ხასიათიც (პოემა "სოფლის ურო", 1844; პოი, შანემა-ზღაპარი "რაინდი იანოში", 1844; ქართული თარგმანი 1952).

პეტეფის ლექსებში მალე გაჩნდა დემოკრატიული სულისკვეთება ("ველური ყვავილი", 1844, "მეფეთა წინააღმდეგ" და სხვ.). პოეტის სატრფიალო ლირიკამ მწვერვალს მიაღწია ციკლებში "ეტელკას საფლავის კვიპაროსების რტოები" (1845), "სიყვარულის მარგალიტები" (1845). სამყაროს მტკივნეულ შეგრძნებას გამოხატავს რომანტიკული ციკლი "ღრუბლები" (1845-1846). რეაქციულმა კრიტიკამ, სამშობლოს უნუგეშო მდგომარეობამ და უიღბლო სიყვარულმა პოეტი სულიერ კრიზისამდე მიიყვანა (დრამა "ძუ ვეფხვი და აფთარი", 1845; პოემა "პიშტა სილაი", 1846 და სხვ.). შემდეგ კი, 40-იანი წლების მეორე ნახევარში, ი. არანთან დამეგობრებამ, იულია სენდრევის სიყვარულმა და მასთან ქორწინებამ კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა პეტეფის შემოქმედებითს ევოლუციაზე ("ერთი რამ მაღელვებს", "სასახლე და ქოხი" და სხვ.).

უნგრეთის სოციალურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ პეტეფის მთელი შემოქმედება რევოლუციურ-დემოკრატიულ პლატფორმაზე დააყენა. 1847 სათავეში ჩაუდგა "ახალგაზრდა უნგრეთის" ორგანიზაციას. მონაწილეობდა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის "12 პუნქტის" შემუშავებაში. პეტეფიმ შექმნა დემოკრატიულ ლიტერატურისათვის მებრძოლ ახალგაზრდა მწერალთა ჯგუფი "ათეულის საზოგადოება". 1849 მარტიდან იგი პეშტის რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახდა; 1849-იდან იყო ი. ბემის ადიუტანტი. საბრძოლო ჰიმნად გაისმოდა პეტეფის ლექსები "ეროვნული სიმღერა", "საბრძოლო 1792 სექტემბრის სიმღერა" და სხვ. პეტეფის შემოქმედებას ერთგვარად აჯამებს პოემა "მოციქული" (1848; ქართული თარგმანი, 1977).

26 წლის პეტეფი მეფის რუსეთის კაზაკებთან ბრძოლაში დაიღუპა. მისი სახელი მსოფლიო ლიტერატურაში დარჩა რევოლუციის, თავისუფლებისა და სიყვარულის მგზნებარე მომღერალი. პეტეფის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე.

ნაწარმოებები :

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations