Loading



ავტორების სია » არჩილი II


დაიბადა : 1647 წ
გარდაიცვალა : 16.04.1713 წ

არჩილ II (1647 - 16. IV. 1715, მოსკოვი). არჩილი დაიბადა 1647 წელს, ქართლის მეფის ვახტანგ V-ის, შაჰნავაზის ოჯახში. როსტომ მეფის გარდაცვალების შემდეგ, ირანის შაჰმა ქართლის მეფედ ბახტანგ V, შაჰნავაზ-ხანი, დაამტკიცა. ამასთან ერთად შაჰის ბრძანებით ვახტანგმა ცოლად შეირთო მარიამ დედოფალი, როსტომ მეფის ქვრივი. იმ დროს ვახტანგს ცოლ შვილი ჰყავდა, მისი მეუღლე იყო ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილის ასული როდამი. ვახტანგს და როდამს ექვსი ვაჟი - არჩილი, გიორგი, ალექსანდრე, ლევანი, ლუარსაბი, სოლომონი და ორი ქალი: ანუკა და თამარი ჰყავდათ. ვახტანგ V ცნობილი იყო როგორც გულადი, უშიშარი, ამავე დროს ამაყი და ზვიადი მეფე, რომელიც იღწვოდა თავისი სამშობლოსათვის. მისი მეფობის დროს ქართლი მოღონიერდა. იგი გაერთიანებული საქართველოს სათავეშიც კი იდგა. ვახტანგ V სარგებლობდა სპარსეთის შაჰის კეთილგანწყობით და ქვეყანა აღმავლობის გზაზე დააყენა. ვახტანგი გამაჰმადიანებული იყო, თუმც მის მკერდში ქრისტიანული გული ძგერდა. 

არჩილის დედა იყო როდამი, ყაფლან ბარათაშვილის ასული. როდამს ახასიათებდნენ, როგორც ნაზ და მოსიყვარულე ადამიანს, რომელიც იყო თავისი შვილის - არჩილის მასწავლებელი და დამრიგებელი.

მშობლებმა არჩილს მისცეს ფართო და ყოველმხრივი განათლება: საეკლესიო, სასულიერო და საერო. განსაკუთრებული ყურადღება ჰქონდა მიქცეული მის ფიზიკურ აღზრდას, რაინდულ ქცევათა გამომუშავებას. ბუნებამ ის უხვად დააჯილდოვა ჭკუა-გონებით, ენამახვილობით, ახოვანებით და ფიზიკური მოხდენილობით. არჩილს ამზადებდნენ მომავალ მეფედ. არჩილი დადგა: ''სიბრძნის ცნობით'' და ''სიმხნით და ყოვლითა სამხედრო-სანადიმო ზნითა'' სრული ვაჟკაცი.

1661 წელს 14 წლის არჩილი მამამ იმერეთში გაამეფა. ვახტანგ V-მ გადაწყვიტა შეერთო მისთვის ვამეყ დადიანის ქალი, მაგრამ ვამაყმა მამა-შვილს უღალატა, რამაც ომიც კი გამოიწვია შაჰნავაზსა და მას შორის.

1663 წელს ხონთქრმა იმერეთის აჯანყებულ თავადაზნაურთა შემწეობით ქუთაისი აიღო და არჩილს სამეფო წაართვა.

არჩილი იძულებული გახდა, იმერეთი დაეტოვებინა და სპარსეთში გამგზავრებულიყო შაჰ-აბას II-თან, რომელმაც მას მაჰმადიანობა მიაღებინა და შაჰნაზარხანაი უწოდა.

1664 წელს შაჰმა არჩილსკახეთის ტახტი მისცა და საქართველოში დიდი საჩუქრებით გამოისტუმრა. არჩილი კახეთს განაგებდა 12 წელიწადს, 1664-1675 წლებში.

1667 წელს არჩილმა შეირთო იმერთა მეფის, ბაგრატ ბრმის ნაცოლარი, თეიმურაზის შვილის დავითის ქალი, ქეთევანი.

1675 წელს არჩილმა მამის სურვილის წინააღმდეგ დატოვა კახეთის ტახტი და წავიდა ახალციხის ფაშასთან, რომ ოსმალების დახმარებით დაებრუნებინა იმერეთის ტახტი. 

1678 წლის სექტემბერში არჩილმა მიაღწია მიზანს, მაგრამ 1679 წელის ივნისში იძულებულია ტახტს გამოეთხოვოს. მან ცოლ შვილი დვალეთს გაგზავნა, ხოლო თვითონ რვა თვის განმავლობაში ჩხერს იმყოფებოდა.

1681 წელს გადავიდა დვალეთში, იქიდან კი - ოსეთში. ოსეთიდან არჩილი ჩავიდა ასტრახანში, სადაც ის სამ წელიწადს იმყოფებოდა. (1682-1685წწ)

1685 წელს არჩილი ჩადის მოსკოვში. შვილს ალექსანდრეს აბარებს სამხედრო სასწავლებელში., თვითონ რუსეთის მთავრობის ხარჯზე კარგად ეწყობა. დაუდგომელი ბუნების არჩილს არ შეეძლო დიდხანს გაეძლო უცხო ქვეყანაში. ის ითხოვს დახმარებას, რუსეთს კი მისთვის არ ეცალა.

1688 წელს ქართლის მეფის გიორგი XI-ის მოწვევით გამოემგზავრა საქართველოში.

1690 წელს არჩილი ახერხებს და იბრუნებს მესამედ იმერეთის ტახტს, თუმცა ერთი წლის შემდეგ, 1691 წელს იძულებულია დატოვოს ტახტი და წავიდეს რაჭაში, საიდანაც აპირებდა რუსეთში გამგზავრებას.

1693 წელს არჩილი კვლავ მეოთხედ იბრუნებს იმერეთს. ერთი წლის შემდეგ 1696 წელს იგი გაძევებული იქნა და ისევ დვალეთს შეეხიზნა.

1698 წელს იმერეთის მესვეურებმა უკვე მეხუთედ ისევ მიიწვიეს ტახტზე. ეს მისი უკანასკნელი მეფობა იყო. არჩილი იძულებული გახდა ექვსი თვის შემდეგ დაეტოვებინა არა მხოლოდ ტახტი არამედ საქართველოც.

1699 წელს არჩილი სამუდამოდ გადასახლდა მოსკოვში, საიდანაც ის სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. პეტრე დიდმა ის დიდი პატივით მიიღო. დაასაჩუქრა მამულით და დიდი ქონებით.

პოლიტიკურად იმედგაცრუებული არჩილი დასახლდა მოსკოვის მახლობლად სოფელ ვსესვიატსკოეში. არჩილმა ხელი მოკიდა კულტურულ-ლიტერატურულ მუშაობას. მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ სტამბას და მოსკოვის სახაზინო სტამბაში 1705 წელს არჩილმა დააბეჭდინა ''დავითნი''.

არჩილმა დიდი მუშაობა გასწია, რომ ქართული ბიბლია დასაბეჭდად მომზადებულიყო. არჩილს უთარგმნია რუსულიდან პეტრე მოგილას "აღსარებაი მართლისა სარწმუნოებისაი წმიდისა კათოლიკე და სამოციქულოისა ეკლესიისაი".

არჩილს ეკუთვნის ხნოროღრაფი: ეს არის ვრცელი ისტორია საეკლესიო და სამოქალაქო, ქვეყნის გაჩენიდან ფლორენციის კრებამდე.

ემიგრანტ მეფე არჩილს დიდხანს არ უცოცხლია. დასნეულებული პოეტი გარდაიცვალა 1713 წლის 15 აპრილს და დასაფლავებული იქნა დონის მონასტერში.

12 წლის შემდეგ ეს საფლავი მოინახულა მოსკოვში ჩასულმა ვახტანგ VI-ის მეუღლემ რუსუდანმა და არჩილის ქალიშვილთან დარეჯანთან ერთად ცხარე ცრემლებით დაიტირა დაუდეგარი, მშფოთვარე სულის მეფე-მგოსანი, რომელმაც თავისი ბედუკუღმართი ცხოვრებით აღმოჩნდა სათაყვანებელი სამშობლოს ფარგლებს მიღმა, რომელმაც უცხოეთში დაამთავრა თავისი ტანჯული, გამწარებული სიცოცხლე.

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations