Loading



ავტორების სია » ჭოლა ლომთათიძე



საუკუნე


ჭოლა ლომთათიძე დაიბადა საქართველოს ერთ-ერთ მშვენიერ კუთხეში, გურიაში, სოფელ მეწიეთში 1878 წელს. შეძლებული გლეხის ბიბონ ლომთათიძის ოჯახში.

ბიბონ ლომთათიძე მართალია გლეხი იყო, მაგრამ არ ყოფილა მიწის მუშა იგი ძირითადად ვაჭრობით არჩენდა ოჯახს. ჰყიდდა ღვინოსა და არაყს ოზურგეთში, სამაგიეროდ იქედანაც ამოჰქონდა გასაყიდი საქონელი. ბიბონი მტკიცე ნებისყოფის და პრინციპული ხასიათის ადამიანი ყოფილა, "კუჭიანი და პირდაპირი". რაშიც მას ამსგავსებდნენ შვილს - ჭოლას. ბიბონს ჰყოლია კიდევ სამი ძმა: უფროსი - ილარიონი ოზურგეთში ცხოვრობდა, უცოლშვილო იყო და შეძლებული, ამიტომ ის ეხმარებოდა ძმას მრავალრიცხოვანი ოჯახის შენახვაში.

ერთ-ერთი ძმა - ლავრენტი მეწიეთში ცხოვრობდა. მისი მეუღლე ლასე ელიაძე იხსენებს, რომ სახლის გადაწვის შემდეგ (1906 წ.) ჭოლა ძირითადად ბიძასთან და ბიცოლასთან ცხოვრობდა. მას არც მანამდე, დედის გარდაცვალების შემდეგ,  ჰყვარებია მამის სახლში, დედინაცვალთან ყოფნა.

დედა  - ეროდიონე ნიკოლაიშვილი აზნაურის ქალი ყოფილა, იგი ჭლექით გარდაიცვალა მაშინ, როცა ჭოლა ცხრა წლის იყო.

მას შემდეგ ჭოლას დედობრივ მზრუნველობას ბიცოლა ლასე უწევდა. სასწავლებელშიც, სოფლის ორ კლასიან სკოლაშიც აქედან დადიოდა თურმე ჭოლა.

ბიბონის მრავალრიცხოვანი ოჯახიდან (მას შვიდი შვილი ჰყავდა) ზრდასრულ ასაკს მხოლოდ ოთხმა მიაღწია. ნინა - უფროსი ქალი, გათხოვილი ყოფილა კოხტა ხავთასზე,  ფედოსი - ექიმ იაგორ ანთიძის მეუღლე, სიდო - ქობულეთელი - უსუფ დადიანის მეუღლე და ჭოლა  -  რომელიც დაიბადა 1878-ში და გარდაიცვალა 1915-ში 38 წლისა.

ჭოლამ დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ბასილეთის ორკლასიან სასწავლებელში, შემდეგ ის სწავლობდა ოზურგეთსა და ქუთაისში, მერე ხარკოვში. მაგრამ რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდა ვერც ერთ ოფიციალურ სასწავლებელს ვერ ამთავრებდა და თვითგანვითარებით იძენს ცოდნას, განსაკუთრებით ლიტერატურულს. მან მშვენივრად იცოდა და დიდად აფასებდა რუსთაველსა და ბარათაშვილს, ილიასა და აკაკის, ყაზბეგსა და არაგვისპირელს, ვოლტერსა და ჰიუგოს, ჰეინესა და გორკის. ადრევე შეისწავლა მარქსიზმი, უმთავრესად პლეხანოვის ინტერპრეტაციით დასახელებულ მწერალთა და მოაზროვნეთა აზრები ხშირად ეპიგრაფისა და ციტატების სახითაა მოტანილი მის ნაწარმოებებში.

1896 წელს, ოზურგეთის საქალაქო სკოლაში სწავლის დროს, ჭოლა ლომთათიძე დაუკავშირდა  მოსწავლეთა რევოლუციურ წრეს. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი სოციალ-დემოკრატი იყო. 1903 წლიდან ჭოლა ლომთათიძე მუშათა პარტიის მენშევიკურ ფრაქციას ემხრობოდა. 1907 წელს მეორე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს, სათათბიროს გარეკვის შემდეგ ტუბერკულიოზით დაავადებული მწერალი-რევოლუციონერი დააპატიმრეს.

ჭოლა ლომთათიძე მძიმედ დაავადებული და ფიზიკურად დაუძლურებული 1912 წელს მოათავსეს სარატოვის დავრდომილთა თავშესაფარში. აქ გარდაიცვალა იგი 1915 წელს.

სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს "ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან".

"მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა". თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: "არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო". ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, "მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე". იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო".

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

ჭოლას ჰყავდა მეუღლე, ოდესელი ებრაელის ბენიამინ გიდერინსკის ქალიშვილი, ცილია გიდერინსკაია, რომელიც ჭოლამ გაიცნო ქალაქ ნოვოროსიისკში. მათ ერთმანეთი შეჰყვარებიათ და 1904 წელს ისინი საქათველოში ჩამოსულან. ცილია მონათლულა ქრისტიანად და მეწიეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაუწერიათ მათ ჯვარი.

ცილია გიდერინსკაიასთან ჭოლას შეეძინა ვაჟი - ჭოლიკო, ცოლ-ქმარი მხოლოდ შვიდი წელი ცხოვრობდა ერთად. ამ ხნის მანძილზე ჭოლა მუდამ პატიმრობაში იყო.

ნათესავები და ნაცნობები აღნიშნავენ რძლის თავდადებასა და ჭოლასადმი მის მზრუნველობას.

1907 წელს ჭოლა დააპატიმრეს რევოლუციური მოღვაწეობის გამო. ამ დროიდან იწყება მისი ცხოვრების ახალი ეტაპი. იგი გადაჰყავთ ციხიდან ციხეში, (პეტერბურგის, მოსკოვის, სტავროპოლის, ხარკოვის, თბილისის, ახალციხის, ბათუმის).  ჭოლა დაგროვილ ემოციებს ფურცელს უზიარებს და იქმნება მისი შემოქმედების მშვენიერი ნიმუშები.

ჭოლას ამ დროს უკვე საგრძნობლად შერყეული ჰქონია ჯანმრთელობა. მას მზრუნველობას არ აკლებდა მეუღლე ცილია, რომელიც ქმართან ერთად იცვლიდა საცხოვრებელ ქალაქებს. თავს ირჩენდა კერძო გაკვეთილებით, შვილთან ჭოლიკოსთან ერთად დადიოდა ქმრის სანახავად ციხეებში. თურმე მძიმე სენით შებყრობილი ჭოლა შვილს სახეზე არ ჰკოცნიდა.

შვიდი წლის ცოლქმრული ურთიერთობა ცილიას დაურღვევია. მან ცხოვრების თანამგზავრად სხვა აირჩია, (ეს იყო რუბენ პავლეს ძე კატანიანი, ბოლშევიკური პარტიის წევრი 1903 წლიდან) და საქართველო დაუტოვებია. თან წაუყვანია შვილიც - ჭოლიკო, რომელსაც, ალბათ, იმ დროს არსებული ვითარებისა და გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო გვარი გამოუცვალა და დაწერა მეორე ქმრის კატანიანის გვარზე.

თუმცა, როგორც ირკვევა, ქმრის ნათესავებთან მას კავშირი არც შემდეგ გაუწყვეტია და არც ქმრის დაცვაზე აუღია ხელი, ამას მოწმოსბ ცილიას გამოსვლა მწერალთა კავშირის ყრილობაზე 1935 წელს და სტალინისადმი მიწერილი წერილი ჭოლას ხსოვნისა და შემოქმედების დასაცავად. (მ. მეგრელიძის მოგონებებიდან)

სტალინის და ჭოლას ურთიერთობასა და მეგობრობაზეც მოგვეპოვება რამდენიმე ინფორმაცია. ბიცოლა ლასე იხსენებს, რომ 1906 წელს, როცა დამსჯელმა რაზმმა ჭოლას სახლი გადაწვა, ჭოლა მეწიეთში იმყოფებოდა და იმალებოდა ბიძის ლავრენტის სახლში. მასთან ერთად ყოფილა კაცი, ასევე რევოლუციონერი და დევნილი, ლასეს ისინი შუაღამისას ტყეში დაუმალავს.  იქ უზიდავდა მათ ერთი კვირის განმავლობაში სურსათ-სანოვაგეს. როგორც ბიცოლა აღნიშნავს, მაშინ არ იცოდა და მერე გაიგო, რომ ეს კაცი, ჭოლას მეგობარი, სტალინი ყოფილა. სტალინი რომ კარგად იცნობდა ჭოლასაც და მის შემოქმედებასაც ამაზე მოწმობს მისი პასუხი ცილიას წერილისადმი.

სტალინს, როგორც ჩანს, არც შემდეგ დაუვიწყნია მეგობარი და 1937 წელს რეპრესიების დროს, როცა ჭოლიკო კატანიანს დახვრეტა ემუქრებოდა, მისთვის გადასახლება მიუსჯია. მართალია უცნაური ხერხია, თუმცა ამან გადაარჩინა ჭოლას შვილი სიკვდილს.

ჭოლა ლომთათიძეს დიდად აფასებდნენ, როგორც მწერალს. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის შესახებ გამოთქმულია ბევრი მნიშვნელოვანი აზრი. აღსანიშნავია, რომ მას მიიჩნევდნენ მწერლად, რომელმაც ვერ შეძლო საკუთარი ძალების ბოლომდე რეალიზება ეპოქისა და დროის უკუღმართობის გამო. მისი შემოქმედების ძირითადი ნაწილი ხომ ციხეებში შეიქმნა. თავად ჭოლა ასე იხსენებს ამ პერიოდს: "მთელი ორი წელი ვიშრომე, ვთარგმნე ყველა ლირიკული ლექსი ჰეინესი, ყველა პოემა... ყველა ამას ვასწორებდი, ვადარებდი დედანს, დროს ვკლავდი და ბედს ვმადლობდი...

და აი, ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი ორი წლის ნაშრომი სხვა ნაწერებთან ერთად შეკრიბეს და ცეცხლის ალში გაწმინდეს, ფერფლად აქციეს".

 ნიშანდობლივია ტიციან ტაბიძის აზრი ჭოლას შემოქმედებაზე: "ჯერ ნაწილობრივადაც არ არის შესწავლილი ჭოლა ლომთათიძის ოსტატობა, გამოცდილება და იმათ, ვისაც თავიანთ აღმოჩენად მიაჩნია ჭოლას პროზა, არც კი იციან, საიდან არის ის ჟრუანტელი, რომელიც მას ახლავს და რა ძალა ტეხავდა და ამავე დროს კვებავდა მის ოსტატობას. ამ მხრივ ჭოლა ლომთათიძე ყველაზე უფრო საინტერესო ფიგურაა უახლეს ქართულ პროზაში".

1896 წელს, ოზურგეთის საქალაქო სკოლაში სწავლის დროს, ჭოლა ლომთათიძე დაუკავშირდა მოსწავლეთა რევოლუციურ წრეს. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი სოციალ-დემოკრატი იყო. 1903 წლიდან ჭოლა ლომთათიძე მუშათა პარტიის მენშევიკურ ფრაქციას ემხრობოდა. 1907 წელს მეორე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს, სათათბიროს გარეკვის შემდეგ ტუბერკულოზით დაავადებული მწერალი-რევოლუციონერი დააპატიმრეს. შვიდი წელი იტანჯებოდა ეს ჯანმრთელობით სუსტი, უანგარო და ამაყი სულის მქონე ადამიანი მეფის საპყრობილეში. პირადი, საოჯახო და საზოგადოებრივი ტრაგედია სევდით ავსებდა მის სულს, მაგრამ საბოლოოდ ვერ სტეხდა, ვერ იმორჩილებდა. სარატოვის დავრდომილთა თავშესაფარში დასრულდა ჭოლა ლომთათიძის ხანმოკლე სიცოცხლე, მისი პროტესტანტული, რევოლუციურ-რომანტიკული შემოქმედება კი ერთ-ერთ ბრწყინვალე თავფურცლად დარჩა უახლეს ქართულ ლიტერატურაში.

ჭოლა ლომთათიძის პირველი მოთხრობები 1905 წლის რევოლუციის წინა წლებში გამოქვეყნდა („დავითი", „ზღვა", „აღსარება", „სიცრუე", „კვლავ ფიქრი, ფიქრი"). სიკეთის, სიყვარულის, ძმობისა და ერთობის ქადაგება და ბოროტების, სიძულვილის, ჩაგვრის გმობა უდევს საფუძლად ამ მოთხრობებს. თანადროული საზოგადოება მწერალს წარმოუდგება „ვეებერთელა საპყრობილედ", რომლის წინააღმდეგ უკვე დაძრულა აზვირთებული ზღვის ტალღა. „ოჰ, დიდებულო ტალღავ, რა მიყვარხარ შენ! მოდი, სანატრელო!" - ამბობდა მწერალი, რომელიც კაცობრიობის სიყვარულის ჰუმანისტურ თვალსაზრისს მშრომელთა ბრძოლის, ჩაგვრისადმი სიძულვილის სულისკვეთებით მათი აღზრდის საქმეს უკავშირებდა. მას სწამდა, რომ „რამდენად მეტს ნერგავ ადამიანი გულში ზიზღს რაიმე საგნისადმი, იმდენად ძლიერი მქადაგებელი ხარ სიყვარულისა, ვინაიდან წარმოუდგენელია სიყვარული, თუ სიძულვილი არ შეგიძლია" („ტალღები", „დასაფლავება"). ჭ. ლომთათიძე თავიდანვე აშკარად მიემხრო ახალგამოსულ მუშათა კლასს და მას მიუძღვნა თავისი შემოქმედება. "მოთმინებით ჩვენ ვერ დავიმკვიდრებთ ქვეყანას", - უხსნიდა იგი მშრომელ ხალხს, - საჭიროა ბრძოლა. „თქვენ, ჩემო ძმებო, მეგობრებო, ცხოვრების ბუშნო, სულ ყველაფერი თქვენი უღლით გაკეთებულა. ციხე, დარბაზნი, ოქრო-ვერცხლი, პური და ღვინო თქვენი ძლიერი მარჯვენით გამზადებულა. ამის ნაცვლად კი თქვენი ცრემლები დიდ ოკეანედ გადაქცეულა... თქვენთვის, ჰაერო და ფილტვებო არსებობისა, თქვენთვის მიძღვნია ჩემი სული და ჩემი გული" ("მატლი", „კვლავ ფიქრი, ფიქრი").

1907 წელს გამოქვეყნდა ჭ. ლომთათიძის ნაწარმოები „სახრჩობელას წინაშე", რომელშიც ჰუმანისტური სიყვარული ადამიანისადმი, სიცოცხლისადმი შერწყმულია რევოლუციურ სიძულვილთან და შეურიგებლობასთან სიკვდილისადმი, რომელსაც იმ დროს ცეცხლითა და მახვილით თესდა უკვე გამარჯვებული თვითმპყრობელობა. "ვინ გაიგონა ადამიანის დახრჩობა!"- კითხულობს უღრმესი ადამიანური განცდებით სავსე ამ მოთხრობის სიკვდილმისჯილი გმირი,- მაგრამ რაკი "ქვეყანაზე ორი მოპირდაპირე ძალა არსებობს, ორი მოსისხლე, დაუძინებელი მტერი: სიმდიდრე და სიღარიბე, ძლიერი და სუსტი; ძლიერს ჰყავს ჯარი, კანონი, მღვდელი ჯვრით ხელში, პროკურორი. მე სუსტი ვარ და ამიტომ მახრჩობენ, გავძალდები - მაინც დამახრჩობენ",- პასუხობს იგი. ადამიანური შიში სიკვდილისადმი ვერ ძლევს ხალხის ინტერესებისათვის თავდადებულ მებრძოლს. მან იცის, რომ "მხდალნი ვერ დაისაკუთრებენ ქვეყანას". იგი ქედუხრელი კვდება, არ ნანობს, ბედს არ ემდურის: "ხელახლა თავიდან რომ დავიწყო სიცოცხლე..., ისევ აქ მოვალ...მე ვიცოცხლე ისე, როგორც მე მინდოდა და მესმოდა სიცოცხლე...ჩემი სიყვარულიც სრული იყო და სიძულვილიც...მე ერთი იმ ბედნიერთაგანი გახლავარ, რომელსაც მიმიღია რწმენა..., შემითვისებია ის და შემდეგ სხვებისთვის გადამიცია...და ამნაირად მეც გადამიბამს ახალი რგოლები იმ დიდი და მჭიდრო ჯაჭვისათვის, რომელსაც მუშათა პარტია ეწოდებაო..."

ჭოლა ლომთათიძე მოკრძალებით ამბობდა: "მე მწერალი როდი ვარ", ჩემი ნაწერი პოემა მხატვრული ნაწარმოები როდია, "უბრალო წერილებია გამწარებული ადამიანისა", რომელიც საპყრობილეში ვერ ეტევა და მსოფლიოს ყველა ნამდვილი ადამიანის სიყვარულით იწვისო. იგი  ოცნებობდა "მთელს ქვეყნიერებას და მსოფლიოს "მოჰფენოდა მის მიერ არაერთგზის მგრძნობიარედ და გულწრფელად ნათქვამი სიტყვები:"მე ყველა ჩაგრული, ყველა ადამიანი მიყვარსო!" "მრავალრიცხოვან მიტინგებზე, გაშლილ ცის ქვეშ, მებრძოლი პროლეტარიატის დროშის ფრიალის ცქერით, მე სალამი მივეცი თავისუფლებას", - ამაყად აცხადებდა მწერალი, -"ვსწერ რაც გადავიტანე, რაც ვიხილე, ვსწერ საპყრობილის სურათებს, რომელშიაც ხანდახან გამოერევა ციხის გადაღმელი სურათებიც, უამისობა შეუძლებელიაო"("უსათაურო","საპყრობილეში").ჭოლა ლომთათიძის რეალისტურ-რომანტიკული შემოქმედება, მართლაც, სიცოცხლის, თავისუფლების, სამართლიანობის მოყვარე ადამიანის ავტობიოგრაფიაა. მისი განცდები და შთაბეჭდილებანია მისი სევდა და სიხარული.

სოციალ-დემოკრატი მწერლებიდან გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს ჭოლა ლომთათიძე, რომლის შემოქმედებაში კრიტიკულ რეალიზმთან შერწყმული სოციალისტური რეალიზმის ელემენტები იმპრესიონისტულ-ნეორომანტიკული ფორმით გვევლინება. მის ლირიკულ პროზას საფუძვლად უდევს პირადი განცდა და შთამბეჭდილება, რომელიც საზოგადოებრივი განწყობილებისა და იდეოლოგიის ნაწილია. დაუცხრომელი ოპტიმიზმით, რევოლუციური მასის გამარჯვების რწმენით და მისი დროებითი წარუმატებლობით გამოწვეული ფარული სევდითაა განმსჭვალული მწერლის ყოველი ფრაზა, ყოველი აზრი და განცდა. დიდმა ბუნებრივმა ნიჭმა და სინამდვილის ღრმა ფსიქოლოგიური განცდის უნარმა, იმპრესიონისტული და ნეორომანტიკულ-სიმბოლისტური  პოეტიკის მიღწევათა გამოყენებამ შეაძლებინა ჭოლა ლომთათიძეს დაეძლია სოციალ-დემოკრატ პოეტთა ნატურალიზმი და შემოქმედებითად განევითარებინა ქართული კრიტიკული რეალიზმი. გადაჭარბებული ემოციურობის, მსოფლმხედველობრივი გაურკვევლობისა და კომპოზიციური უსწორმასწორობის მიუხედავად, რაც ყოველთვის როდია უცხო ჭოლა ლომთათიძის  შემოქმედებისათვის, მისი პოეტური პროზა უახლესი ქართული ლიტერატურის ორიგინალური შენაძენია.

ნაწარმოებები :

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations