Loading



ავტორების სია » იონა მეუნარგია


დაიბადა : 18.12.1852 წ
გარდაიცვალა : 15.05.1919 წ

იონა მიხეილის ძე მეუნარგია  დაიბადა 1852 წლის 18 (30) დეკემბერს სოფ. ცაიშში (ზუგდიდის რაიონი), პირველდაწყებითი სწავლა მიიღო ჯერ მარტვილის სკოლაში, რომელიც ერთადერთი იყო მაშინდელს სამეგრელოში, და ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის კუსის დასრულების შემდეგ შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1874 წელს გარიცხულ იქნა სემინარიის უკანასკნელი კურსიდან, როგორც პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო და აქტიური მონაწილე სემინარიელთა იმ ჯგუფისა, რომელმაც შეურაცხყო კავკასიის მთავარმართებელი დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე. იმავე წელს ი. მეუნარგია სწავლის გასაგრძელებლად შვეიცარიაში გაემგზავრა, ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ჟენევის აკადემიაში, ხოლო 1876 წ. გადავიდა პარიზში, სადაც კიდევ ორი წელი დაჰყო. იგი გაეცნო პარიზის ბიბლიოთეკებში საქართველოს შესახებ თავმოყრილ ფრანგულ ლიტერატურასა და ქართულ ხელნაწერებს, პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში გადმოწერა ნანუჩა ციციშვილისეული ''ვეფხისტყაოსნის" დამატებანი (396 სტროფი) და 1878 წლის მიწურულში დაბრუნდა საქართველოში.

ი. მეუნარგიამაც პირდაპირ ''დროებასა"  და ''ივერიას" მიაშურა და გახდა მათი მუდმივი თანამშრომელი და თანარედაქტორიც (დროებისა). იმ ხანებშივე არჩეულ იქნა ახალდაარსებული ''ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის მდივნად. იმ დღიდან ი. მეუნარგია ენერგიულად მოღვაწეობს საზოგადო და სამწერლო ასპარესზე. მისი ინიციატივით დაიწყო ძველი ქართული ხელნაწერი წიგნების შეგროვება.

1880 წ. ''დროების'' #241-ში რაფ. ერისთავის, ი. გოგებაშვილისა და იონა მეუნარგიას ხელმოწერით გამოქვეყნდა მოწოდება ''ვეფხისტყაოსნის'' ტექსტის გადასინჯვისა და დადგენის შესახებ. მეუნარგიასავე ინიციატივით ამავე წელს შედგა პოემის ტექსტის დამდგენი რედაქცია გრ. ორბელიანის თავმჯდომარეობით

1879 წლიდან დაწყებული მონაწილეობდა თითქმის ყველა ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში (''ტიფლისკი ვესტნიკ'', ''დროება'', ''ივერია'', ''კავკაზ'', ''ნოვოე ობოზრენიე'', ''კვალი'', ''მოამბე'' და სხვ.), ხოლო სერგეი მესხისა და შემდეგ ივ. მაჩაბლის დროს ხშირად ასრულებდა ''დროების'' რედაქტორის მოვალეობასაც. მისი ცნობილი ფსევდონიმებია: ''ლელო'', რომლითაც ის დიდხანს ბეჭდავდა ''ივერიაში'' საქართველოს ისტორიულ პირთა მოსწრებულ სიტყვებს (ნაკვესი). გარდა ამ კრიტიკულ-პუბლიცისტური ნარკვევებისა და წერილებისა, მეუნარგიას კალამს ეკუთვნის აგრეთვე ორი არქეოლოგიური მოგზაურობის - სვანეთსა და აჭარაში (ქობულეთში) აღწერა (დაიბეჭდა 1887 წ. რუსულ ენაზე) და ''ვეფხისტყაოსნის'' მოკლე შინაარსის შედგენა რუსულ ენაზე.

იონა მეუნარგია გარდაიცვალა 1919 წ. 15 მაისს ქ. ახალსენაკში. დაკრძალულ იქნა თავის სამშობლო სოფელ ცაიშში.

ნაწარმოებები :

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations