Loading



ავტორების სია » ნიკოლო მიწიშვილი


დაიბადა : 08.11.1896 წ
გარდაიცვალა : 13.07.1937 წ

1896 წლის 8 ნოემბერს ქუთაისის მაზრის სოფელ ჯვარისაში დაიბადა ნიკოლო მიწიშვილი. 1903 წელს, შვიდი წლისა, შეიყვანეს ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში, რომლის დამატებითი კლასის გავლის შემდეგ  სწავლა გააგრძელა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. დაამთავრა ორწლიანი სამასწავლებლო კურსები.  პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვანის რაიონის სოფლებში- ტობანიერსა და საჩინოში. თექვსმეტი წლის ჭაბუკმა ,1912 წელს, ჟურნალ ,,თეატრსა და ცხოვრებაში" პირველად გამოაქვეყნა ლექსი ,,მთებში". შემდეგ პერიოდულად იბეჭდებოდა მისი მინიატურები და სტატიები.
 

1917 წელს რედაქტორობდა ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა გაზეთთან ,,გოლოს სალდატა."    1918 წელს ნიკოლო მიწიშვილი შეუერთდა ცისფერყანწელთა ორდენს და მისი ერთ-ერთი აქტიური წევრი გახდა. სისტემატურად თანამშრომლობდა სიმბოლისტთა ბეჭვდით ორგანოებთან (,,მეოცნებე ნიამორები", ,,პოეზიის დღე", ,,ბახტრიონი", ,,ბარიკადი ", ,,რუბიკონი").    1921 წელს, ნიკოლოს რედაქტორობით, თბილისში დაარსდა გაზეთი ,,ფიგარო". იმავე წელს გამოიცა კრებული ,,პოეტი გრუზიი", რომლის შემდგენელი და რედაქტორი ნ. მიწიშვილი იყო.    1922 წელს, თბილისში გამოიცა პოეტის პირველი წიგნი ,,წმინდანიანი".    იმავე წელს ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა. მან რამდენიმე ხანი დაჰყო სტამბულში, სადაც დაიბეჭდა მისი მეორე წიგნი ,,შავი ვარსკვლავი".    1922-25 წწ. ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობაში იყო ჩაბმული.   1924 წელს მან პარიზში ჩამოაყალიბა  ,,ქართველ ხელოვანთა კავშირი", ნიკოლო მიწიშვილი პარიზში თანამშრომლობდა გრ. ვეშაპელის რედაქტორობით გამომავალ გაზეთ ,,ახალ საქართველოსთან."   სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნიკოლო მიწიშვილი  აქტიურად მონაწილეობს ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში.   1926-28 წწ. რედაქტორობდა ჟურნალ ,,ქართულ მწერლობას", იყო ლიტფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დირექტორი. ხელმძღვანელობდა სახელგამს. უკანასკნელ წლებში რედაქტორობდა ,,ზარია ვოსტოკას".

1937 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს, 13 ივლისს დახვრიტეს.

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations