Loading



ავტორების სია » მოსე ხონელი



მოღვაწეობის საუკუნე : XII საუკუნე

ბიოგრაფიული ცნობები მოსე ხონელის შესახებ არ მოგვეპოვება. ყველაზე საყურადღებო ცნობა "ამირანდარეჯანიანის" ავტორზე მოცემულია "ვეფხისტყაოსნის" ეპილოგის ერთ ფსევდორუსთაველურ ტაეპში, სადაც ნათქვამია: "ამირან დარეჯანის-ძე მოსეს უქია ხონელსა". "ამირანდარეჯანიანის" ავტორად მოსე ხონელს ასახელებს აგრეთვე აღორძინების ხანის რამდენიმე მწერლი ს. თანიაშვილი ("ამირანდარეჯანიანის"  გამლექსავი), თეიმურაზ ბატონიშვილი და სხვ. ამ ცნობებიდან ვიგებთ, რომ "ამირანდარეჯანიანის" ავტორი მოსე ხონელი ყოფილა დასავლეთ საქართველოდან, დაბა ხონიდან. სხვა ცნობები ავტორის ვინაობის შესახებ არ მოგვეპოვება. არ ვიცით, მოსე ხონელი როდის დაიბადა, რა განათლება მიიღო, რა თანამდებობები ეჭირა, როდის გარდაიცვალა და სხვ.

ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება "ამირანდარეჯანიანის" დაწერის თარღის შესახებაც. ამ მხრივ საინტერესოა, რომ "ამირანდარეჯანიანი" და მისი გმირები მოხსენებულია როგორც "ვეფხისტყაოსანში", ისე თამარის ეპოქის (XII საუკუნის) სხვა ძეგლებშიც: ჩახრუხაძის "თამარიანში", თამარ მეფის ისტორიაში და სხვ. ამით დასტურდება, რომ "ამირანდარეჯანიანი" დაწერილია ამ ნაწარმოებთა შექმნამდე, დაახლოებით XII საუკუნის პირველ ნახევარში.

ზოგიერთი მკვლევარი წინათ ფიქრობდა, რომ "ამირანდარეჯანიანი" ნათარგმნი უნდა იყოს სპარსული ენიდან, მაგრამ შემდეგი დროის მეცნიერულმა კვლევა-ძიებამ ნათელყო, რომ "ამირანდარეჯანიანი" ქართული ორიგინალური ნაწარმოებია. მოთხრობის ორიგინალობა იმითაც მტკიცდება, რომ მასში მოცემულია საქართველოს საზოგადოებრივი ურთიერთობის სურათი იმ პერიოდისა, როცა შეიქმნა ნაწარმოები; მოთხრობაში ასახულია პატრონყმური ურთიერთობა, რომელიც დამახასიათებელი იყო ჩვენი ქვეყნისათვის XI - XII საუკუნეებში.

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations