Loading



ავტორების სია » საიათნოვა


დაიბადა : 1711 წ
გარდაიცვალა : 1801 წ

საიათნოვა დაიბადა თბილისში 1711 ან 1712 წელს. მამამისი ალეპოდან იყო გადმოხვეწილი; თავშესაფარი თბილისში იპოვა. აქ დამკვიდრდა და სომხის ლამაზი ქალი შეირთო.

პოეტის მამა მახტესი კარაპეტ საადიანი ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო,დედა სარა წარმოშობით სანაინიდან გახლდათ (ჩრდ. სომხეთი).

მომავალი პოეტი ყრმობიდანვე დიდ ინტერესსა და ნიჭიერებას ავლენდა  ლექსებისა და მუსიკის  შეთხზვისადმი; ბავშვობაში დაუწერია თავისი პირველი ლექსები, უკრავდა რამდენიმე აღმოსავლურ  მუსიკალურ ინსტრუმენტზე.ცნობილი არაა, მიღებული ჰქონდა თუ არა საიათნოვას დაწყებითი განათლება, მაგრამ ის ორთოგრაფიული შეცდომები, რომელთაც მრავლად ვხვდებით მის პოეზიაში, გვაფიქრებინებს, რომ მას არ მიუღია სისტემატური სასკოლო განათლება. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ პოეტმა დაწყებითი განათლება მიიღო სანაინში, ცნობილ სომხურ მონასტერთან არსებულ სკოლაში.

საიათნოვა  იმდენად საფუძვლიანად ფლობდა რამდენიმე ენას, რომ ერთნაირად ლამაზ ლექსებს თხზავდა ქართულ, მშობლიურ სომხურ, აზერბაიჯანულ და ფარსულ ენებზე. ცნობილია, რომ ის ფარსული ენის ბელუჯურ დიალექტზეც კი წერდა სიმღერებს.  ბელუჯური დიალექტი კი ფარსული ენის ლიტერატურულ მწვერვალად ითვლებოდა ოდითგანვე.    

საიათნოვას ყმაწვილობაში ხელობა შეუსწავლია, კერძოდ, ფეიქრობა. საიათნოვა პოეტის ფსევდონიმი იყო. მისი სახელი იყო არუთინა, საინტერესოა ისიც, რომ პოეტის მიერ შექმნილი სომხური სიმღერები ქართული ასოებითაა ჩაწერილი, ხოლო აზერბაიჯანული - სომხურით.

აშუღი მიღებული იყო ერეკლე  მეფის კარზე, ბოლოს მისი საზანდარიც გამხდარა და დიდ მეჯლისებზე ჩონგურზე დაკვრითა და სიმღერით ატკბოდა მეფესა და მის სტუმრებს.საიათნოვას მეფის კარზე მრავალი მტერიც ჰყავდა, მათ საბოლოოდ დაარწმუნეს მეფე ენამწარე და სიმართლის მთქმელი პოეტის სასახლიდან გაძევებაში.

მეფის სამსახურიდან დათხოვნილი პოეტი ანზალის მონასტერში (სპარსეთის პროვინცია გილანი) აღუკვეციათ ბერად, სადაც ის სტეფანოზ ბერის სახელით მოღვაწეობდა. რამდენიმე წლის შემდეგ მას მიეცა საქართველოში დაბრუნების უფლება. ის განაწესეს სოფელ კახში მღვდლად.

საიათნოვას მიენიჭა „სან ვარდაპეტის" წოდება, რაც მეცნიერ ბერს ნიშნავს და იგი გაგზავნეს ლორის პროვინციაში, ახპატის მონასტერში (ჩრდილოეთ სომხეთი).         მან მონასტერში გაატარა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები და აქვე აღესრულა 1801 წელს.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც საიათნოვა ახპატის მონასტერში ყოფილა, როცა შეუტყვია 1795 წლის სექტემბერში სპარსეთის შაჰის აღა-მაჰმად-ხანის თბილისზე გამოლაშქრება. საიათნოვა სასწრაფოდ თბილისში დაბრუნებულა, თავისი ოჯახი ჩრდილოეთ კავკასიაში (კერძოდ, მოზდოკში) გაუხიზნავს, თვითონ კი ეკლესიაში ლოცვად დამდგარა.როცა სპარსელებმა ქალაქი აიღეს, მიუხედავად ქართველთა წინააღმდეგობისა, დამპყრობლები მთელ თბილისს მოედვნენ ძარცვითა და ხოცვა-ჟლეტვით.მრავალ ქრისტიანთან ერთად საიათნოვასაც ეკლესიისათვის  შეუფარებია თავი. სპარსი ჯარისკაცები ეკლესიაში შევარდნილან და პოეტისათვის რჯულის გამოცვლა უბრძანებიათ, რაზედაც საიათნოვას უარი განუცხადებია და სპარსელებს ხმლით აუკუწავთ იგი.


ჩვენამდე მოაღწია საიათნოვას 230 ნაწარმოებმა (მათ შორის 60-სომხურ ენაზეა, 34-ქართულად, 115-თურქულად).

ნაწარმოებები :

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations