Loading



ავტორების სია » ალექსანდრე საჯაია


დაიბადა : 1916 წ
გარდაიცვალა : 00.09.1944 წ

ალექსანდრე საჯაია დაიბადა 1916 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშში. სასოფლო სკოლის დამთავრების შემდეგ გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი (დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი), რომელიც 1940 წელს დაამთავრა. მისი პირველი ლექსი 1935 წელს გამოქვეყნდა, 1938 წელს - პირველი პოეტური კრებული.

დღეს ცოტასღა ახსოვს ალექასანდრე საჯაია. მოგონებებიც ძალზე ცოტა მოგვეპოვება. ერთი დაჯდომით გადავიკითხავთ ყველაფერს, რაც ამ შესანიშნავ პოეტზე დაწერილა და თითქმის ვერსად შევხვდებით მისი შემოქმედების ანალიზს.

ბუნებამ მრავალმხრივი ნიჭით და კლასიკურად ნატიფი გარეგნობით დააჯილდოვა. არც იღბლისადმი ეთქმოდა სამდურავი, ზრუნვა და სიყვარული გარემოიცავდა მუდამ და ყველგან. ყველაფერში, რაც ცხოვრების საქმედ გაიხადა: პოეზიაში, უცხო ენების შესწავლაში, თარგმნაში, სწრაფად მიაღწია წარმატებას...

განგების რჩეულიაო, რომ იტყვიან, იმ ადამიანთაგანი იყო. თუ როდისმე წიგნი დაიწერება მის შესახებ, მენანდრეს ცნობილი ფრაზა იქნება ყველაზე შესაფერი ეპიგრაფი იმ წიგნისათვის: “ვინც ღმერთებს უყვართ, ის ადრეც კვდება, მალე მიჰყავთ ღმერთებს თავიანთ საუფლოში”.

ბავშვობიდან ლაღი და უზრუნველი იყო მისი ცხოვრება. თანატოლთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, გაჭირვება არასოდეს უწვნევია. მის მშობლებს, გამრჯე მეგრელ გლეხებს ღონიერი ოჯახი ჰქონდათ და დედისერთა კოკის უსაზღვროდ ანებივრებდნენ (კოკის ეძახდნენ შინაურები). არც სტუდენტობის წლებში გამოუვლია გაჭირვებული, ''ნამდვილი სტუდენტური'' ცხოვრება. ყოველთვის ჰქონდა პირობები მშვიდი, ბეჯითი სწავლისა და შემოქმედებისა და სწორედ სტუდენტობის პერიოდში, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დაწერა პირველი საყურადღებო ლექსები.

გარდაცვალებიდან ორი-სამი ათეული წლის შემდეგ მისი ლირიკის საუკეთესო ნიმუშები გახალხურდა. სიცოცხლეში კი ალექსანდრე საჯაიას პიროვნება იყო გაცილებით მეტისთვის ნაცნობი, ვიდრე მისი პოეზია. თაყვანისმცემლებიც მის პიროვნებას მისსავე პოეზიაზე მეტი ჰყავდა. ''შეუძლებელი იყო იგი გაგეცნოთ და ერთბაშად არ მოხიბლულიყავით. ჯერ გარეგნობა განგაწყობდათ განსაკუთრებული სიმპათიით'', - წერს ვახტანგ ჭელიძე და ფერებს არ იშურებს მისი ''ვაჟკაცური სილამაზის'' აღსაწერად.

ალექსანდრე საჯაიას კრებულებია: ''ნაადრევი ვარდები'' - 1987 წ., ''ჩემი ზღაპრები'' -1944 წ., ''ლექსები'' - 1947 წ., ''ორი ზღაპარი'' - 1949 წ., ''რჩეული'' -1955 წ., ''ლექსები'' -1967 წ., ''რჩეული'' - 1970 წ., ''უთავო მეფე და დიდთავა მეფე'' (ზღაპარი სკოლამდელთათვის) - 1973 წ.
თარგმნილი აქვს შექსპირის, შელის, ედგარ პოს, ლონგფელისა და ლორდ რენდალის ნაწარმოებები.

გარდაიცვალა 1944 წლის სექტემბერში.

ნაწარმოებები :

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations