Loading



ავტორების სია » ალექსანდრე ცაგარელი


დაიბადა : 27.11.1844 წ
გარდაიცვალა : 1929 წ

 ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელი დაიბადა 1844 წლის 27 ნოემბერს (ძველი სტილით) კასპის რაიონში. ყრმობის წლები მან დიღომში გაატარა. მამა - ანტონ თომას ძე ცაგარელი მღვდელი იყო. დედა - სალომე დიმიტრის ასული უთნელიშვილი მეტად ჭკვიანი და ქართული ენის კარგად მცოდნე ყოფილა. მან უდიდესი როლი ითამაშა შვილის ხასიათის ჩამოყალიბებაში. თავდაპირველად ალექსანდრე ცაგარელი თბილისის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს.

1859 წელს ალ. ცაგარელმა სემინარიაში საუკეთესო შედეგებს მიაღწია და პედაგოგების ყურადღება მიიქცია. მან სემინარიის ხელმძღვანელებისაგან ჯილდოც კი მიიღო. ამ პერიოდში ალ. ცაგარელს ძალზედ იტაცებდა ხელოვნება. მისი ოცნება იყო სწავლა გაეგრძელებინა პეტერბურგის სემინარიაში და თავისუფალ დროს სამხატვრო აკადემიაში ლექციების კურსი მოესმინა, მაგრამ ეს ოცნება ვერ განახორციელა, რადგან ნოვგოროდისა და სანკტ-პეტერბურგის მიტროპოლიტმა __ ისიდორმა ბრძანა, რომ სივიწროვის გამო პროვინციელებს ვერ მიიღებდნენ. ალექსანდრე რჩება საქართველოში და საინტერესო ლიტერატურული ცხოვრებით ცხოვრობს. საქართველოში მას კარგ ლიტერატორობას უწინასწარმეტყველებდნენ.

სემინარიის დამთავრების შემდეგ ალ.ცაგარელმა სწავლა განაგრძო გიმნაზიაში. კლასიკური გიმნაზიის დამთავრებისთანავე  ალ.ცაგარელი დავით სარაჯიშვილთან ერთად პეტერბურგში გაემგზავრა უმაღლესი განათლების მისაღებად. აქ ის ჩაირიცხა პეტერბურგის სამედიცინო     
ქირურგიულ აკადემიაში, მალე ის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადავიდა უნივერსიტეტში  მსმენელად, სადაც  საოცარი შრომისმოყვარეობა გამოიჩინა.

თავისი შრომისმოყვარეობით და მრავალმხრივი ცოდნით ალ.  ცაგარელმა სულ მალე დაიმსახურა ყურადღება და სიყვარული, გარშემო შემოიკრიბა და დაიახლოვა ქართველი ახალგაზრდობა.

ალ. ცაგარელი გატაცებით ეუფლებოდა ევროპულ ენებს, გერმანულ წიგნებს უკვე ლექსიკონის გამოუყენებლად კითხულობდა. სავალდებულო საგნების გარდა, მთელ თავისუფალ დროს ენათმეცნიერული და ლექსიკოლოგიური ნაშრომების კითხვას უთმობდა.

1867 წელს ალექსანდრე დავით სარაჯიშვილთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა.   გერმანიიდან დაბრუნებისთანავე   ალ. ცაგარელი გამოცდებისთვის მზადებას შეუდგა. მშობლებისა და ახლობლებისთვის გაგზავნილ წერილებში იგი კმაყოფილებით იგონებს უცხოეთში გატარებულ დღეებს.

ყველაფერი   ჩვეულებრივად მიდიოდა, მაგრამ მოულოდნელად ალექსანდრე ავად გახდა. ექიმებმა საქართველოში დაბრუნება ურჩიეს.

საუნივერსიტეტო განათლების მიღების სურვილი მასში იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ექიმების რჩევა არ მიიღო და გადაწყვიტა სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა.

1868 წელს ალ. ცაგარელი უკვე მიუნხენის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის ფილოლოგიური  განყოფილების სტუდენტია.

1869 წელს ალ. ცაგარელი ძველ საუნივერსიტეტო ქალაქ ტიუბინგენში გადავიდა, სადაც სანსკრიტულსა და შედარებით ენათმეცნიერებაში მეცადინეობდა პროფესორ როთის ხელმძღვანელობით. უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში საფუძვლიანი ცოდნის მიღების შედეგად ალ. ცაგარელი დაბრუნდა პეტერბურგში. ჯერ უნივერსიტეტში ქართულ-სომხური განხრით კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად წარმატებით ჩააბარა გამოცდები. მალე მან სადისერტაციო შრომა დაწერა "კავკასიურ ენათა იბერიული ჯგუფის მორფოლოგიის შედარებითი მიმოხილვა". დისერტაცია სამეცნიერო საბჭომ დადებითად შეაფასა და ალ. ცაგარელი დაამტკიცეს ქართული ენისა და სიტყვიერების პრივატდოცენტად და უფლება მიიღო ლექციების წაკითხვის.

1874 წლის 25 აპრილს არჩეულ იქნა ქართული სიტყვიერების კათედრის დოცენტად და მართლაც, მთელი თავისი ენერგია პეტერბურგის უნივერსიტეტში ქართული სიტყვიერების კათედრის კანონიერი უფლებებისათვის ბრძოლას შეალია; პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლის არსებობის მანძილზე მას ყველაზე მეტი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა ეროვნული ღირსების  დასაცავად.

1875 წელს ის საქართველოში დაბრუნდა. მოინახულა მშობლები, მეგობრები, ახლონათესავები.

ალექსანდრე ცაგარელი იყო პირველი ქართველი მეცნიერი, რომელიც სპეციალურად ქართველოლოგიური მიზნებით ეწვია ახლო აღმოსავლეთს.
პირველი მეცნიერი, რომელმაც  1883 წელს მოინახულა ბევრი სავანე (ათონი, ჯვარი, საბაწმინდა), სარდაფებსა და სენაკებში იპოვა და აღწერა ხელნაწერები, დაამზადებინა ფრესკების პირები, გადმოიღო წარწერები, დაძებნა ცნობები ახლო  აღმოსავლეთში ქართველთა კულტურული საქმიანობის შესახებ. ალ. ცაგარელმა თავისი მუშაობით საგრძნობლად წასწია წინ ქართლ სიძველეთა შესწავლა. მეცნიერის დამსახურების საუკეთესო ილუსტრაციაა მისი წიგნები "ცნობები ქართული მწერლობის ძეგლებზე" და "ქართულ  სიძველეთა ძეგლები წმინდა მიწაზე და სინაზე." 1890 წელს რომში, ვენეციასა და  კრაკოგში ჩატარდა  კვლევითი სამუშაოები, სადაც იგი გაეცნო XII საუკუნის ქართულ სიძველეებს.

1894 წელს კვლავ ჩამოდის საქართველოში. მალე იგი მესამედ გაემგზავრა იტალიაში, სადაც ვატიკანის ბიბლიოთეკაში მიაგნო ქართულ ოთხთავს, XII საუკუნის ძეგლს.

1920 წელს ალ. ცაგარელი ბრუნდება საქართველოში და  სიცოცხლის ბოლომდე  მოღვაწეობს  თბილისის უნივერსიტეტში.

საქვეყნოდ ცნობილი ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, პალეოგრაფი, არქეოგრაფი ალექსანდრე ცაგარელი  XIX საკუნის  60-იანი წლების ყველაზე უფრო ნიჭიერი  და ნაყოფიერი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი იყო.  იგი თანამიმდევრულად იბრძოდა მწერლობასა და ხელოვნებაში კრიტიკული რეალიზმის დამკვიდრებისთვის.

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations