Loading



ავტორების სია » გიორგი ერისთავი


დაიბადა : 1813 წ
გარდაიცვალა : 09.09.1864 წ

გიორგი დავითის ძე ერისთავი (დ. 1813, სოფ. ოძისი, ახლანდელი დუშეთის რაიონი ― გ. 9 სექტემბერი/22 სექტემბერი, 1864, გორი; დაკრძალულია იკორთის მონასტერში (სოფ. ზემო იკორთი, ახლანდელი ცხინვალის რაიონი), ქართველი დრამატურგი, პოეტი, თეატრის მოღვაწე.

გიორგი ერისთავი სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში (1824-1825), შემდეგ მცირე ხნით მოსკოვში, კერძო პანსიონში. 1830 წლიდან მონაწილეობდა მეფის რუსეთის საწინააღმდეგო შეთქმულებაში, რისთვისაც 1832 წლის დეკემბერში დააპატიმრეს. 1834 გადაასახლეს ქ. ვილნოში, სადაც ქვეით დივიზიაში გაამწესეს. ერისთავმა შეისწავლა პოლონური ენა და ლიტერატურა, დაუახლოვდა მოწინავე პოლონურ ოჯახებს. 1838 წელს მას ნება დართეს დროებით ჩამოსულიყო საქართველოში, სადაც საბოლოოდ 1842 წელს დაბრუნდა. ერთხანს თბილისში სახელმწიფო სამსახურში იყო, 1854 წლიდან კი სოფ. ხიდისთავში დასახლდა.

ერისთავის პირველი გამოქვეყნებული ნაწარმეობია პოემა "ოსური მოთხრობა" (ნაწ. 1, "სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი", 1832), რომელიც სრული სახეით და ახალი სათაურით "ზარე და ყანიმათ" 1853 წელს ჟურნალ "ცისკარში" დაიბეჭდა. ერისთავის პოეზიაში მნიშვნელოვანია ეროსვნულ-პატრიოტული ("თ. სვიმონ მაჩაბელს", 1833; "უცხო ქვეყნის ჭაბუკს", 1835; "მტკვრისადმი", "ყაბახისადმი", 1836; "კავკაზი და უცნობი", 1854; "თ. ნიკოლოზ მელიტონის ძის ბარათოვის გარდაცვალებაზედ") და სატრფიალო ("თეოდოსია მირეცკას", 1840; "მოგონება", 1844; "გულს", 1845; "კნიაჟნა დარია ბეგთაბეგოვისას", 1849) მოტივები. სატირულიუმორისტულ ლექსებში ერისთავი კიცხასვს ე. წ. მაღალი საზოგადოების ზნეობრივ გადაგვარებას ("დედა და ქალი", 1838; "ფიქრი ყმაწვილი ქალისა", 1839; ". ერთი კაცი წვა სნეული", 1854).

გიორგი ერისთავის შემოქმედების უმნიშვნელოვანესი ნაწილია დრამატული თხზულებები. მან ერთ-ერთმა პირველმა დაუდო სათავე ქართულ კრიტიკულ რეალიზმს, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართული პროფესიული თეტრი, რომელსაც 1850-1854 წლებში ხელმძღვანელობდა (გიორგი ერისთავის თეატრი). იყო უდიდესი კულტურული წამოწყების ინიციატორი: პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალი "ცისკრის" დამაარსებელი და რედაქტორი (1852-1853).

გიორგი ერისთავის პირველი კომედია, დრამატული პოემა "შეშლილი" (1839) ეხება პოეტის დანიშნულებას, გადმოსცემს მის ხვედრს თანამედროვე საზოგადოებაში, მაღალი წრის ზნეობრივ დაკნინებას და განათლებული ახალგაზრდობის უნაყოფო მისწრაფებებს. ერისთავმა-დრამატურგმა, თანადროულობის პირუთვნელმა მემატიანემ, გვიჩვენა საქართველოში სავაჭრო კაპიტალის განვითარებით გამოწვეული ფეოდალური მეურნეობის რღვევის ბუნებრივი შედეგი - დაცემის გზაზე დამდგარი თავადაზნაურობის სრული უნიათობა, გონებრივი სიღატაკე და ზნეობრივი გადაგვარება. ერისთავის კომედიებში დახატული ძველი თაობის წარმომადგენლები ამაოდ ებღაუჭებიან წარსულ დიდებას (ამირინდო და ონოფრე - "დავა", 1840; ანდუყაფარ და პავლე დიდებულიძეები - "გაყრა", 1849), რუსეთში სწავლამიღბული ახალი თაობა კი სრულიად მოუმზადებელია პტაქრიკული საქმიანობისათვის. ეს ახალგაზრდები უსუსური მეოცნებენი არიან და ადვილად თმობენ თავიანთ მრწამსს (ბეგლარი და მიხეილი - "დავა", ივანე დიდებულიძე - "გაყრა"). გიორგი ერისთავმა წარმოაჩინა ბატონყმური წყობილების მანკიერებანი, ქართულ სინამდვილეში პირველად ასახა სავაჭრო კაპიტალის წარმომადგენლები, მათი სიძუნწე, მომხვეჭელობა და მექრთამეობა (მიკირტუმ ტრდატოვი - "გაყრა", კარაპეტ დაბაღოვი - "ძუნწი", 1850), მეფის რუსეთის ბიუროკრატიული აპარატის მოხელეთა ანგარება და ბიწიერება (სარქის კუმუხტოვი - "დავა", რამაზი - "გაყრა"). გიორგი ერისთავის პიესების ცხოვრებისეულმა სიმართლემ, სოციალურ-პოლიტიკურ სიმახვილემ და აქტუალობამ სრულიად ახალი ეტაპი შექმნა ქართულ ლიტერატურაში. გიორგი ერისთავის სკოლას ეკუთვნიან ცნობილი დრამატურგები: ზ. ანტონოვი, გ. დვანაძე, გ. ჯაფარიძე და სხვები.

გიორგი ერისთავის თარგმნილი და გადმოკეთებული პიესებიც აქვს ("უჩინმაჩინის ქუდი", "თილისმის ხანი", "ყვარყვარე ათაბაგი", ა. გრიბოედოვის "უბედური ჭკუისაგან"). მან დრამად გადააკეთა "ვეფხისტყაოსანი", ხოლო კ. ლაფჩინსკისთან ერთად პოემა პოლონურ ენაზე პროზაულად თარგმნა. მანვე ქართულ ენაზე გადმოთარგმნა ა. მიცკევიჩის, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ვ. ჰიუგოს, პ. ბერანჟეს და სხვების ლექსები.

1862 წელს გიორგი ერისთავმა იმოგზაურა ევროპაში. მოგზაურობის შთაბეჭდილებანი გადმოსცა დაუმთავრებელ დღიურებში "ჩემი მოგზაურობა ევროპაში 1862 წელსა 13 ივნისსიდგან". ერისთავის თხზულებები 1852-1853 წლებში იბეჭდებოდა "ცისკარში"; ცალკე წიგნაკებად გამოიცა "გაყრა" (1850), "ძუნწი", "უჩინმაჩინის ქუდი", "თილისმის ხანი" (1852); "დავა" 1871 წელს ჟურნალ "კრებულში" დაისტამბა. ერისთავის თხზულების კრებულები გამოქვეყნდა 1867, 1884, 1936 და ა. შ.

ნაწარმოებები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations