Loading



ავტორების სია » მირზა გელოვანი


დაიბადა : 02.03.1917 წ
გარდაიცვალა : 00.07.1944 წ

ცნობილი ქართველი პოეტი მირზა გელოვანი დაიბადა 1917 წლის 2 მარტს თიანეთის რაიონში, სოფელ ნაქალაქარში. მისი წინაპრები სვანეთიდან ჯერ თელავში გადმოსულან, შემდეგ – თიანეთში. თიანეთში მირზას მამას, გედეონს, იქაური ქალი, ევა მაჩურიშვილი, შეურთავს ცოლად და საბოლოოდ თიანეთში დამკვიდრებულა. გედეონ გელოვანი რამდენიმე ხანს ნაქალაქარში მსახურობდა და მირზა აქ დაბადებულა. მისი მშობლები მალე ისევ თიანეთში გადავიდნენ საცხოვრებლად დ მირზამ ბავშვობა თიანეთში, მდინარე ივრის ლამაზ ნაპირებზე გაატარა.

მირზა ძალიან ცელქი ყოფილა. თურმე მირზას დებს ყოველთვის მიჰქონდათ ამბავი დედასთან მირზას ცელქობის შესახებ. დედაც ამის გამო სულ ტუქსავდა მას. იქამდე სანამ მირზა სკოლაში წავიდოდა, წერა-კითხვა იცოდა. მისი პირველი ლექსი მან მის დას, როენას მიუძღვნა: „ქათამი რომ კრუხად ჯდება, გამოჩეკავს წიწილებს, როენას რომ გავაბრაზებ, ნეტა ვისთან მიჩივლებს?“

მირზამ 1935 წელს დაამთავრა თიანეთის პედაგოგიური ტექნიკუმი. მცირე ხნით მასწავლებლობდა. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა “ჩვენს თაობაში” და სხვა ჟურნალ–გაზეთებში. მირზას პირველი ლექსი “თეთრი მიწა” რაჟდენ გვეტაძემ დაბეჭდა თავის რომანში “ლაშაური საღამოები” (1935წ).

1936–39 ცხოვრობდა თბილისში, უმაღლეს სასწავლებელში არ შესულა, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა “ფედერაციაში”, “საბჭოთა აფხაზეთის” რედაქციაში. 1939 წელს მწერალთა კლუბში უკვე პოპულარულ პოეტს ლიტერატურული საღამო მოუწყვეს, სადაც უკანასკნელად წაიკითხა თავისი ლექსები და ბალადები.

1939 წლის ნოემბერში წითელ არმიაში გაიწვიეს. “ჩემი გზა მილიონობით გზას მიჰყვება და არსად თავდება, რადგან მილიონების გზის დამთავრება არ შეიძლება. მე ის ზღაპრული მოყმე ვარ ყველგან რომ იპოვიდა საკუთარ ადგილს”- წერდა მირზა ფრონტიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში.

„მე შენი თმები დამაბრუნებენ“- ასე წერდა ომიდან მირზა თავის უმშვენიერეს მუზას, ნინო ახვლედიანს. თითქმის ყველა წერილში კი თავის ახლობლებს აიმედებდა:

„არ დამიღონდეთ… მე დავბრუნდები“…
„დაბრუნებით ტკივილებს წავშლი“…

მირზა ბელორუსიაში, მდინარე დასავლეთ დვინის გადალახვისას 1944 წელს მოკლეს, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს. მირზა გელოვანი მხოლოდ 27 წლის იყო.

ახლობლებს დიდხანს ეგონათ, რომ მირზას საფლავი დაკარგული იყო. სინამდვილეში ადგილობრივ მცხოვრებლებს მისი ცხედარი გაუპატიოსნებიათ და ჯერ ცალკე, შემდეგ კი ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე დაუსაფლავებიათ. ამის შესახებ მხოლოდ 19 წლის შემდეგ გახდა ცნობილი. ბელორუსმა პიონერებმა მირზას დედას, ევა მაჩურიშვილს, 1963 წლის 13 ივნისს მისწერეს: „ჩვენ ტერიტორიაზე, სოფელ სანიკში არის სამხედრო სასაფლაო, სადაც დაკრძალულია თქვენი შვილი, მირზა გელოვანი“.

ამ დროს პოეტის დედა უკვე გარდაცვლილი იყო. იგი სიცოცხლის ბოლომდე ელოდა, რომ მირზა დაბრუნდებოდა, რადგან შვილის გარდაცვალების ცნობა ახლობლებს არ უჩვენებიათ. პოეტის ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაზე არავის უფიქრია.

მირზა ლიტერატურული ფსევდონიმია. მას ახლობლები რეზოს ეძახდნენ. თავის პირველ ლექსებს კი
„მზის კაცის “ ფსევდონიმით წერდა. მირზა გელოვანის პირველი ლექსი 1933 წლითაა დათარიღებული, უკანასკნელი 1944 წლით. სულ ათიოდე წელი გაგრძელდა მისი შემოქმედებითი ცხოვრება, მაგრამ მაინც მოასწრო საკუთარი ხმის პოვნა, თავისთავადი პოეტური სამყაროს შექმნა. ხალასი და ალალ–მართალი ლექსებით მირზა გელოვანმა თავისებური ხიბლი შემატა ქართულ ლიტერატურას. მისი საუკეთესო ლექსები მიძღვნილია სამშობლოსადმი, მშობელი ხალხისადმი (“თუშის ქალი წყაროზე”, 1936; “ფანდური”, 1938; “ცხრაკარა”, 1938; ბალადა “აონი”, 1937; “შავლეგო”, 1938 და სხვა). ომის პერიოდის ლექსებს გასდევს მძაფრი სულიერი ტკივილიც და გამარჯვების რწმენაც (“ძმათა საფლავთან”, 1941; “მელოდე”, 1942; “მთაწმინდიდან სმოლენსკამდე”, 1943; “დედას”, 1943; “ჩემი ლექსები”, 1944 და სხვა).

 

ნაწარმოებები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations