Loading


”ვინ ყიდულობს სახელმძღვანელოებს დიმიტრი შაშკინის შვილისთვის და ჩაანაცვლებს თუ არა წიგნს ლეპტოპი”


10.05.2010

ჟურნალი: ”თბილისელები”  10-16 მაისი
ავტორი - თამუნა სამადაშვილი

 

საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე ცვლილებები მოსახლეობის დიდ ინტერესს იწვევს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან, ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც  განათლებასთან  რაიმე ფორმით შეხება არ ჰქონდეს. მას შემდეგ რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათავეში დიმიტრი შაშკინი ჩაუდგა, საგანმანათლებლო სფეროში უამრავი ახალი ინიციატივა განხორციელდა, რომლებსაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი  შეფასებები მოჰყვა. როგორი იქნება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და ჩაანაცვლებს თუ არა წიგნს კომპიუტერი, როგორც ამას სკეპტიკოსები ამბობენ, ამის შესახებ     განათლების და მეცნიერების მინისტრს  ბატონ დიმიტრი შაშკინს გავესაუბრეთ.

ბატონო დიმიტრი, პრეზიდენტის ინიციატივას, რომ პირველკლასელებს სასწავლო პროცესი კომპიუტერებით ჩაუტარდებათ, საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა მოჰყვა, საბოლოოდ შეძლებს ლეპტოპი წიგნის ჩანაცვლებას?   


ჩვენს საზოგადოებას, სამწუხაროდ, შეთქმულებების თეორიები ახასიათებს.  ეს ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. როგორც მინისტრს,  საჭიროდ მიმაჩნია, მუდმივი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, თუმცა არსებობენ  ადამიანები, ე. წ. ექსპერტები, რომლებმაც რეალურად იციან, რაშიც არის საქმე, მაგრამ მასმედიას ბოროტად იყენებენ და მოსახლეობაში  შეგნებულად ავრცელებენ დეზინფორმაციებს. ბევრს ახსოვს, რა ბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში.  განაცხდა, რომ 2010 წლის სექტემბერში ეს პროექტი საპილოტო სკოლებში განხორცილდება, მათ შორის იქნება ბათუმის, ზუგდიდისა და წეროვნის სკოლები, ასევე სამ-სამი სკოლა ქუთაისსა და თბილისში. ამ სკოლების ყველა პირველკლასელს სახელმწიფო ნეტბუქებს აჩუქებს. საერთოდ, ეს პროგრამა გაეროს ექსპერტების მიერ იყო შექმნილი, ამ პროექტზე მთელი მსოფლიო მუშაობდა, რომ შექმნილიყო კომპიუტერი, რომელიც ბავშვისთვის ადვილად გამოსაყენებელი იქნება. ყველა პირველკლასელს, დაურიგდებათ კომპიუტეტები და ექნებათ სახელმძვანელოებიც.  სექტემბერში კომპიუტერებს 2500 პირველკლასელ ბავშვს ვაჩუქებთ, რომლებიც საპილოტე სკოლებში სწავლობენ. აგვისტოში ამ სკოლების მასწავლებლები სპეციალური მომზადების დაახლოებით ერთთვიან კურსებს გაივლიან, თუ როგორ უნდა გამოიყენონ კომპიუტერი სასწავლო პროცესში. კომპიუტერებში ჩატვირთული იქნება  სასწავლო პროგრამები უცხო ენაში, ქართულში, მათემატიკასა და ლოგიკაში. ჩატვირთული იქნება ასევე სხვა სახელმძღვანელოები, იმისათვის, რომ იმათ, ვისაც ყიდვის საშუალება არა აქვთ, სახელმძღვანელო უფასოდ მიიღოს. გარდა სახელმძღვანელოებისა, ბევრი წიგნი არსებობს, რომელიც ბავშვმა უნდა წაიკითხოს. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ისეთი ოჯახია, რომელთაც არ აქვთ საშუალება ბავშვებს დამხმარე ლიტერატურა შეიძინონ. ამ პრობლემის გადასაჭრელად, განათლების და მეცნიერების სამინისტრო უახლოეს პერიოდში ახალი პორტალის - “ვახტანგ მეექვსის”  შექმნას დაამთავრებს,  სადაც ბავშვს ყველა დამხმარე ლიტერატურის წაკითხვის საშუალება ექნება. ამას გარდა, ადრე ჩვენ ვყიდულობდით სახელმძღვანელოებს პირველკლასელებისთვის, რაც არ მიმაჩნდა სამართლიანად. ჭელს, ჩემი შვილი პირველ კლასში მიდის. არ მესმის, რატომ უნდა უყიდოს მას სახელმძღვანელო სახელმწიფომ? ამის ნაცვლად, ჩვენ გავზარდეთ ბიუჯეტი და წელს საქართველოს მთავრობა  დახარჯავს რვა მილიონ ლარს, იმისათვის, რომ სოციალურად დაუცველ ყველა ბავშვს  სახელმძღვანელოები ვუყიდოთ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კლასში იქნებიან ისინი. აქედან გამომდინარე, საუბრები იმის შესახებ, რომ კომპიუტერი შეცვლის წიგნს, გაუმართლებელია.

ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სამ კომპანიასთან. ერთ-ერთი მათგანია ბელგიური კომპანია, ასევე გვაქვს წინადადებები ”მაიკროსოფტთან” და ”ინტელთან”.

რაც შეეხება წიგნებს, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობდა ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა მუდმივად იყო პრობლემები წიგნებთან დაკავშირებით,  როგორ მოგვარდება ეს  საკითხი?

სახელმძღვანელოების პრობლემა საბოლოოდ 2012 წლისთვის იქნება მოგვარებული. სამწუხაროდ, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. რაღაც მომენტში სახელმწიფომ უარი თქვა რეგულირების ბერკეტების გამოყენებაზე ამ სფეროში და შედეგად, ჩვენ მივიღეთ ის ფაქტი, რომ შეიქმნა უამრავი უხარისხო სახელმძღვანელო, რასთან დაკავშირებითაც უამრავი პრეტენზია არსებობს. 2010 წლის სექტემბერში მიღებული იქნება ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც დაიწყებს მოქმედებას 2011 წელს, პირველიდან მეექვსე კლასებში, 2012 წელს გეგმა მიიღება მეორე საფეხურზე, 2013 წელს კი _ მესამე საფეხურზე. ყველა ავტორს და გამომცემელს მოუწევს, რომ სახელმძღვანელოები შეუფარდოს ეროვნულ სასწავლო გეგმას. პრობლემას ქმნიდა ისიც, რომ სასწავლო გეგმაში არ არსებობდა აუცილებელი კომპონენტი. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით კი განსაზღვრული იქნება 60%-იანი კომპონენტი, რაც ასევე გადაჭრის სახელმძღვანელოების  საკითხს.  მეორე პრობლემა არის სახელმძღვანელოების ფასი. აქამდე არ არსებობდა სტანდარტები, მაგრამ ახლა ეს ტექნიკური სტანდარტები უკვე  შექმნილია - აკრედიტირებულ სახელმძღვანელოებზე აუცილებლად იქნება მითითებული ფასები. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გამომცემლებმა წიგნების ფასები შეამცირონ.

ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს იმასაც, რომ ყველა სკოლაში ფიზკულტურა სპორტის გაკვეთილებით შეიცვლება, ყველა სკოლაში სავალდებულო გახდება კომპიუტერის სწავლება, ცალკ-ცალკე იქნება შესწავლილი სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება.

ივლისში მასწავლებელთა სერტიფიცირება იწყება, რა ბედი ელის მათ, ვინც ვერ ჩააბარებს გამოცდებს?

ჩვენ 80000 მასწავლებელი გვყავს, მაგრამ პირველ ეტაპზე, როცა სერტიფიცირებას ქართული ენისა და ლიტერატურის,  მათემატიკისა და უცხო ენების მასწავლებლები გადიან,  პოტენციური კანდიდატების რაოდენობა 20000 იყო. დანარჩენი საგნების  მასწავლებლებისთვის პროგრამა მზად 2011 წელს იქნება. 20 000 მასწავლებლიდან 15000-ზე მეტი დარეგისტრირდა. ყველა ხვდება, რომ ეს არ არის სადამსჯელო ოპერაცია, ეს არის ზრუნვა მასწავლებლების  კვალიფიკაციის ამაღლებაზე.  სერტიფიცირება სავალდებულო 2014 წლიდან გახდება, ახლა სერტიფიცირება ნებაყოფლობითია, ამიტომაც, ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ  დაცული იქნება ანონიმურობა და ყველა მასწავლებელი, იმის მიუხედავად ჩააბარა თუ არა სერტიფიცირება, დარჩება სკოლაში, ოღონდ ეს მექანიზმი იმუშავებს მანამ, სანამ სერტიფიცირება სავალდებულო გახდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ მასწავლებლებს,   ეს იყო საფუძველი იმ 160 ლარიანი ვაუჩერისა, რომელიც მასწავლებლებს აქვთ. ეს აძლევს მათ საშუალებას, კერძო კომპანიების დახმარებით კვალიფიკაცია აიმაღლონ.

ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა სკოლაში ბავშვთა უფლებების დაცვა,   როგორ  ზრუნავს სახელმწიფო მასწავლებელზე, დაუცველი ხომ არ რჩება მას მასწავლებელი? გაიზრდება თუ არა მათი ხელფასები და სოციალური დახმარებები?

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებლებს გაეზრდებათ ხელფასი.  სერტიფიცირებულ მასწავლებელს ექნება უფლება იმუშაოს მენტორ-მასწვლებლად 160 ლარიანი დანამატიანი ხელფასით.  ამის გარდა, სამინისტრომ დაიწყო ორი პროექტი:  ჩვენ მასწავლებლების დეფიციტი გვაქვს მაღალმთიან რეგიონებში, ასევე საჭიროა  კვალიფიციური ქართულის მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ექნებათ საშუალება, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში იმუშაონ. ხელფასის გარდა,  მათ 1000-ლარიანი დანამატი ექნებათ. ხოლო ის მასწავლებლები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში იქნებიან მივლინებულნი, მათი დანამატი  500 ლარი იქნება. საყოფაცხოვრებო ხარჯს მასწავლებელი თავად იღებს.  ვმუშაობთ, იმაზეც რომ ხელფასი მოემატოთ მასწავლებლებს, რომლებმაც იციან კომპიუტერი და უცხო ენა.

სამინისტროს კიდევ ერთი ახალი პროექტი, სკოლაში მანდატურების შეყვანა საზოგადოებამ არაერთგვაროვნად შეაფასა, მანდატურები უკვე შევიდნენ სკოლებში,  როგორ მოხდა მათი ინტეგრაცია სკოლასთან?

საბედნიეროდ ამ ინიციატივას დადებითად აფასებს საზოგადოების დიდი ნაწილი. ყველა მშობელს უნდა რომ მისი შვილი სკოლაში იყოს უსაფრთხო გარემოცვაში. ჩემი აზრით, ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი.  სამი კვირაა, რაც 22 მანდატური უკვე შვიდ საპილოტო სკოლაში შევიდა.  მათი ინტეგრაცია საკმაოდ იოლად მოხდა, დადასტურდა იმ პრობლემების არსებობაც კი, რომლებიც  ჩვენ არ ვიცოდით. სექტემბრიდან ეტაპობრივად დაიწყება მანდატურების შეყვანა თბილისის ყველა სკოლაში, შემდეგ კი დიდი ქალაქების სკოლებში.  მანდატურების  კონკურსი ძალიან მკაცრია, შვიდასი კანდიდატიდან მესამე ეტაპზე მხოლოდ 47 ადამიანი გავიდა. მანდატურების ინსტიტუტმა გვაჩვენა, რომ ძალადობის ფაქტები არსებობს არა მხოლოდ  ბავშვებს, არამედ მასწავლებლებსა და ბავშვებს შორის. არის ისეთი ამაზრზენი ფაქტები, როდესაც უფროსკლასელები ართმევენ საჭმელს უმცროსკლასელებს, ან  მასწავლებელი მოსწავლეს აგზავნის თავის პირად საქმეზე,  რაც დაუშვებელია.    

მანდატური არაა დამსჯელი პირი, ის ხედავს დარღვევას და წერს ოქმს სამი ეგზემპლარად; ერთი რჩება მასთან, ერთი დირექტორთან, ერთი კი მოდის სამინისტროში. სამინისტრო ითხოვს ყველა დირექტორისგან რეაგირებას ამ ოქმზე. თავად მანდატურის ქმედებებს მკაცრად გააკონტროლებს გენერალური ინსპექცია. ჩვენთვის ცნობილია  დარღვევები მასწავლებელთა მხრიდან. მე მესმის, რომ შეიძლება გაღიზიანება მოჰყვეს, როდესაც მასწავლებელი მანდატურის შენიშვნას დაიმსახურებს, მაგრამ  მასწავლებელმა არ უნდა მოწიოს  სიგარეტი  საკლასო ოთახში, არ უნდა წაიკითხოს გაკვეთილზე გაზეთი.

ბატონო დიმიტრი, მომავალი წლიდან გაერთიანებული ფორმით ჩატარდება  საატესტატო და უმაღლესი სასწავლებლების  გამოცდები. რა საგნებს ჩააბარებენ   სკოლის მოსწავლეები და  და როგორი იქნება ზღვარი ამ ორ გამოცდას შორის? როდის გახდება ცნობილი სასწავლო პროგრამა?

ჩვენ გადავაგზავნეთ გზავნილია ყველა სკოლაში და, ასევე, დევს სამინისტროს ვებ-სატზეც. 15 - 17 მაისიდან მზად იქნება პრეტესტიც. 2011 წელს, იმისათვის, რომ  მოსწავლემ მიიღოს ატესტატი უნდა ჩააბაროს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი  ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში,  უცხო ენაში,  ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგია, გეოგრაფიაში. რვა სავალდებულო საგანს უმაღლესი სასწავლებლის გამოცდისთვის დაემატება გამოცდა უნარებში.  თუ მოსწავლეს არ  სურს უმაღლეში ჩაბარება, ის იღებს სერთიფიკატს და  იწყებს  მუშაობას, ან აგრძელებს სწავლას პროფსასწავლებელში.  მინიმალური კომპეტენციის გამოცდის ჩაბარებას სახელმწიფო დააფინანსებს.

თამუნა სამადაშვილი  


ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations